19/09/2024
16:10
სამართალი
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს.
აღნიშნულის შესახებ ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა ჟურნალისტების დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
ის დაკავებულს შეხვდა, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, მათი საუბარი კონფიდენციალურია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
არდოტელის თქმით, ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია.
„გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება”, - განაცხადა არდოტელმა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.
მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.
მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.
კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0