19/12/2022
08:19
სამართალი
ბათუმის რესტორან “ვოქსში” გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება, მეხანძრეებმა რამდენიმე საათში შეძლეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, წუხელ რესტორანში გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე კორპუსებიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს და მალევე ცეცხლი მთელ სახურავს მოედო.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის შედეგად შენობიდან ცეცხმოკიდებული სამშენებლო მასალებიც კი ცვიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზიც.
“დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, შეგროვდება მონაცემები და შემდეგ შევაჯამებთ და გავაკეთებთ კომენტარს”, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამჟამინდელი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.
"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს, საბედნიეროდ. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დანარჩენთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ასევე შსს ხვალ დილისთვის განვაახლებთ მონაცემებს. დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, შეგროვდება მონაცემები და შემდგომ შევაჯამებთ და გავაკეთებთ კომენტარს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული რესტორანი არ ფუნქციონირებდა. ყველაფერზე პასუხს გასცემს შესაბამისი ექსპერტიზა",- აღნნიშნა ჩიქოვანმა.
0
0