30/08/2024
17:13
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დარღვევით, უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორზე მეტი პირისა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) დაუსწრებლად წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, - აცხადებენ უწყებაში.
0
0