03/04/2024
14:45
ეკონომიკა
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 28 მარტის განკარგულებაში.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას დაევალა ტენდერის საშუალებით მომსახურების შესყიდვა. თბილის-ბათუმის შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხა არაუმეტეს 3 049 973 დოლარი უნდა იყოს.
მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის დაფინანსება ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდება. კერძოდ, 2024 წელს - 1 806 333 ლარი, 2025 წელს 2 998 513 ლარი, ხოლო 2026 წელს 1 192 180 ლარი. განკარგულების თანახმად, დანარჩენი თანხის ანაზღაურება ბილეთებიდან შესული თანხით მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ბათუმის ხაზზე ხომალდის მინიმალური ტევადობა 40 მგზავრი უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 114,83 დოლარით განისაზღვრება.
გარდა ამისა, მთავრობის კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, ავიარეისები განხორციელდება მესტია-ბათუმი-მესტიისა და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებით.
განკარგულების თანახმად, მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 168 დოლარი იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი 129 დოლარით განისაზღვრება.
მომსახურების შესყიდვა ამ შემთხვევაშიც აეროპორტების გაერთიანებას დაევალა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 601 140 დოლარია. აღსანიშნავია იცის, რომ მომწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეასრულოს:
მესტია-ბათუმი-მესტია - 15 ადგილი, 168 დოლარი
თელავი-ბათუმი-თელავი - 40 ადგილი, 129 დოლარი
მესტია-ქუთაისი-მესტია - 15 ადგილი, 110 დოლარი
მესტია-თბილისი-მესტია - 15 ადგილი, 182 დოლარი
მესტია-ამბროლაური-მესტია - 15 ადგილი, 75 დოლარი
მესტია-თელავი-მესტია - 15 ადგილი, 187 დოლარი
თბილისი-ამბროლაური-თბილისი - 40 ადგილი, 103 დოლარი
თელავი-ამბროლაური-თელავი - 40 ადგილი, 108 დოლარი
თბილისი-ქუთაისი-თბილისი - 40 ადგილი, 77 დოლარი
თელავი-ქუთაისი-თელავი - 40 ადგილი, 87 დოლარი
თელავი-თბილისი-თელავი – 40 ადგილი, 50 დოლარი
0
0