26/08/2024
20:09
ეკონომიკა
ყაზახ გადამზიდავებს ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) სარკინიგზო მარშრუტის შესაძლებლობები მისი მოდერნიზაციის შემდეგ წარუდგინეს.
ინფორმაციას ყაზახეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.
ყაზახეთის რკინიგზასთან არსებული ინტეგრირებული დაგეგმვის დირექტორატისა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ყაზახი გადამზიდავები, ასევე, ინდუსტრიული ასოციაციებისა და სამრეწველო-კვლევითი საწარმო „ატამეკენის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ „მოდერნიზაციის შემდეგ ბთყ-ის სარკინიგზო მარშრუტის გამტარუნარიანობა 5-ჯერ, კერძოდ, წელიწადში 1-დან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა. მთლიანად დასრულდა მაგისტრალის ელექტროფიკაცია, ხოლო ახალქალაქის სადგურს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტი აზერბაიჯანის ინიციატივით განხორციელდა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის ხარჯის შემცირებით ტრანზიტი გაზრდილიყო.“
„ბთყ-ის სარკინიგზო მარშრუტი დააჩქარებს საქონლის მიწოდებას აზიასა და ევროპას შორის შავი ზღვის პორტების გვერდის ავლით და საზღვაო-საავტომობილო ტრანსპორტთან შედარებით უფრო ეკონომიური გახდება,“ - წერია განცხადებაში.
მასში, ასევე, აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მონაწილეობით ერთობლივი საწარმო ამოქმედდება, რომელიც მარშრუტის გადაზიდვებზე სატარიფო პოლიტიკისა და ტრანსპორტირების პირობების ფორმირებაზე იმუშავებს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყაზახეთის რკინიგზის წარმომადგენლებისა და გადამზიდავების პოზიციათა გათვალისწინებით დამატებით ინფორმაციებს გაცვლიან, ხოლო ასეთი შეხვედრების პრაქტიკა გაგრძელდება.
ცნობისთვის: ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის ტრანსპორტირების დინამიკა მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა და 3,2 მლნ ტონას მიაღწია, ხოლო შუა დერეფნის გასწვრივ 1,9 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23%-ით აღემატება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024