20/02/2024
15:00
ბადაგონი
კომპანია "ბადაგონი" ქართული ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მიხედვით, კვლავ უპირობო ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს. "ბადაგონი" 2023 წელს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კვლავ ღვინის უმსხვილეს რეალიზატორად სახელდება.
აშშ, როგორც ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი, ნებისმიერი ღვინის მწარმოებლისთვის, ძნელად ასათვისებელი სეგმენტია. კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია ასახელებს იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რაც აშშ-ის ბაზრის ათვისებას შესაძლებელს გახდის.
როგორც მან, BMG-სთან საუბარში განმარტა, აშშ-ის ბაზრის ასათვისებლად, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ქართული ღვინის მარკეტინგის სწორად წარმართვა და ცნობადობის გაზრდა. მას მაგალითად მოჰყავს, აშშ-ის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული ტელემაუწყებელის CBS-ის გადაცემა „60 წუთის“ ეთერში, ალავერდის ეპარქიის და „ბადაგონის“ ქართული სამონასტრო ქვევრის ღვინის შესახებ გასული სიუჟეტი, რომელსაც 80 მილიონამდე ადამიანმა უყურა, რამაც ცნობადობის კუთხით თავისი შედეგი გამოიღო.
„წელს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ, ფინანსების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რომელიც ქართული ღვინის მარკეტინგს მოხმარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან ვერცერთი კერძო კომპანია ნამდვილად ვერ შეძლებს იმ ტვირთის აღებას, რაც ცნობადობას გაზრდის ქართული ღვინის შესახებ. ეს არის ძალიან სწორი მიმართულება, რადგან აშშ არის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ნებისმიერი ღვინის მწარმოებლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია შტატებში ცნობადობის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.მოგეხსენებათ, CBS-ის მიერ მომზადებული ძალიან კარგი სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ქვევრის ღვინოს, კერძოდ, ალავერდის მე-11 საუკუნის მარანში დამზადებულ ღვინის ტექნოლოგიას, როგორც აღნიშნული სააგენტო გვამცნობს, 80 მილიონამდე ადამიანმა ნახა და გამოხმაურება მოჰყვა ძალიან დიდი. ჩვენც მივიღეთ გარკვეული შემოთავაზებები. ამიტომ, ეფექტურობა ძალიან დიდია და თითოეული ასეთი აქტივობით ქართული ღვინის ცნობადობა აუცილებლად გაიზრდება. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა",- განაცხადა “ბადაგონის” დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ.
0
0