13/02/2024
10:33
კონფლიქტები
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა მათი ორი სამხედრო.
თავდაპირველად, 12 თებერვლის საღამოს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს კაპან-ზანგელანის სასაზღვრო მონაკვეთზე. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დეტალებს იძიებდნენ. უწყებას აღნიშნული ჰქონდა, რომ არსებობს შემთხვევები, როცა ჯარისკაცებს ცეცხლის გახსნა გარემოებებიდან გამომდინარე უწევთ. განცხადების მიხედვით, თუ მსგავსი ვითარება არ არსებობდა, სამხედროები, რომლებიც ბრძანებას არ დაემორჩილნენ, დაისჯებიან.
ამის შემდეგ, 13 თებერვლის დილას სომხეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა, ნერკინის სასაზღვრო რაიონში მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე სომეხი ჯარისკაცებს დაიჭრა. შემდეგ უწყებამ დააზუსტა, რომ დაიღუპა ორი სამხედრო.
პარალელურად, 13 თებერვლის დილას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 12 თებევლის 20:50-სა და 23:40-ზე ცეცხლი გაუხსნეს მათ პოზიციებს თოვუზის რაიონში.
უკვე დიდი ხანია, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მსგავსი შეტაკებები, რომლებიც გასულ წელს ხშირი იყო, არ მომხდარა.
0
0