18/09/2024
14:56
სამართალი
საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტმა დიმიტრი ნოზაძემ, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც მიგრაციის დეპარტამენტის პასუხი ოფიციალურად ჩაჰბარდებათ, სასამართლოს მიმართავენ.
„[აფგან სადიგოვს] ციხეში მიუვიდა პასუხი აზერბაიჯანულ ენაზე. ჯერ ქართულენოვანი წერილი არ ჩაგვბარებია. როგორც თვითონ მითხრა, უარი უთხრეს საერთაშორისო თავშესაფარზე. როდესაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მივმართავთ სასამართლოს, რისთვისაც ერთი თვე გვექნება. თავად სასამართლო რამდენ ხანში მიიღებს გადაწყვეტილებას, ამას ვერ გეტყვით“, - თქვა ნოზაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ადვოკატის განმარტებით, ჯერ დღის დღის წესრიგში არ დგას სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის საკითხი. „სასამართლო საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით უნდა ვილაპარაკოთ, რა იქნება. თუ საჭირო გახდება, ზემდგომ ინსტანციასაც მივმართავთ“, - დაამატა მან.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
4 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
რადიო თავისუფლება
0
0