10/01/2022
19:25
პოლიტიკა
ნიკა მელიას თქმით, ახლაც მიღებული ცვლილებების გარშემო პარტიაში ერთიანი პოზიცია არსებობს.
„მიმაჩნია, რომ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი გეგმა, სტრატეგია, რომელიც იქნება წარმატებული. ახლა, როგორც არასდროს, პარტია არის ერთიანი და ერთიანი ვართ შეთანხმებებშიც. გარდა იმისა, რომ პეტრე ცისკარიშვილი არის კვალიფიციური პროფესიონალი, ის ჩემი პირადი მეგობარია. გარდა იმისა, რომ კობა ნაყოფია ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში, ის ასევე არის ჩემი პირადი მეგობარი.
დღემდე პარტიას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ გვქონდა მიღებული, მაგრამ განვითარებული პროცესების კვალდაკვალ ვერ მოხერხდა, რადგან შარშანდელი წელიწადი იყო მძიმე მოვლენებით დატვირთული. პარტიის ეს რეფორმირება არის მხოლოდ დასაწყისი“, - განაცხადა მელიამ.
როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წევრების ერთის მეორეთი ჩანაცვლებისთვისთვის არ იბრძვის.
„რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, გარკვეული დროის შემდეგ იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგას სახელმწიფოსთვის, მნშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განახლება და გადანაცვლებები. ცვლილებები აუცილებელია და განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , თითოეული ჩვენგანი ვდგავართ, ვგულისხმობ ქვეყანას და სახელმწიფოს. ახლა მე ვთვლი გარდაუვალ აუცილებლობად, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის წესრიგი ასევე შიგთავსიც კი და ორგანიზაციული თვალსაზრისით ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივი იურიდიული ფორმა მივიღოთ საზოგადოებისთვის, რათა იცოდეს საზოგადოებამ რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა. ცვლილებების აუცილებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ის ვინც დღემდე აქტიური იყო პარტიაში ვერ ართმევდა თავს მოვალეობებს და სხვა გაართმევს, არა! არავითარ შემთვევაში! ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს. მათ ჩვენში უნდა დაინახონ იმედი და პერსპექტივა, მათ უნდა დაინახონ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იბრძვის ერთის მეორეთი ჩასანაცვლებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორ პარტიებთან ერთად იბრძვის, რომ თითოეულ თქვენგანი დავარწმუნოთ და დავაჯეროთ, რომ არაფერი გვამოძრავებს ნათელი მომავლის გარდა, რომელიც თითოეული მოქალაქის ხელშია და ჩვენივე ბედის შემქმნელები ვართ ჩვენ. ამიტომ პროცესი რომელიც დღეს დავიწყეთ გაგრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განხორციელებული“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, მას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ადამიანების ნახვის სურვილი აქვს, ვინც აქამდე პარტიისგან თავს შორს იჭერდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" მინდა ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი ვინც დღემდე თავს იკავებდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებას ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ, ასეთი ადამიანები მინდა ბევრი ვიხილო ამ პარტიაში“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს.
0
0