13/11/2023
19:33
მედიცინა
ფილტვების კიბოს სამკურნალოდ ახალმა პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. პრეპარატზე, რომლის სამედიცინო სახელწოდებაა ოსემერტინიბი, ხოლო იყიდება ის ტაგრისოს სახელწოდებით, კვლევები 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას foxnews.com ავრცელებს.
კვლევა ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა. ამ მონაცემების მიხედვით, ტაგრისო კიბოს გამეორების შესაძლებლობას 73%-ითა ამცირებს, ხოლო სიმსივნისგან გარდაცვალების ალბათობას 51%-ით ამცირებს.
„თუ ადრე საუბარი იყო 5 და 10%-იან გაუმჯობესებაზე, ახლა საუბარია გარდაცვალების რისკის კლებაზე 50%-ით. ეს მართლაც სასწაული შედეგია“, - ამბობს ნიუ-ჯერსის Hackensack Meridian Health-ის ქირურგიის განყოფილების გამგე ფაიზ ბორა.
ექიმი ამბობს, რომ მან პრეპარატი რამდენიმე პაციენტს დაუნიშნა, რომელსაც ფილტვების კიბო ჰქონდათ და „რევოლუციური შედეგი მიიღო“. ის, ასევე, ამბობს, რომ ტაგრისოს, ძირითადად, იმ პაციენტებს უნიშნავენ, რომლებსაც სიმსივნე ფილტვებიდან ამოაჭრეს, რათა მისი გამეორების ალბათობა შემცირდეს.
მისივე თქმით, პრეპარატი, შესაძლოა, მე-4 სტადიის სიმსივნის მქონე პაციენტებსაც დაუნიშნოს და არ არის აუცილებელი, რომ მანამდე ქირურგიული ჩარევა მოხდეს.
„ადრე ჩვენ ვფიქრობდით, რომ ფილტვის კიბო მწეველებს უვითარდებათ. ახლა კი კვლევებმა აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების 30%-ს სიგარეტი არასოდეს მოუწევია“, - ამბობს ფაიზ ბორა.
პრეპარატის მიღებისას გარკვეული გვერდითი მოვლენები არსებობს, მაგრამ ის სერიოზულ დისკომფორტს არ იწვევს. კომპანია AstraZeneca-ს ინფორმაციით, საუბარია ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების დაბალ დონეზე, დიარეაზე, კუნთების, სახსრების და ძვლების ტკივილზე, ასევე, ფრჩხილების ფორმის დაზიანებაზე და მშრალი კანი. სერიოზული გართულებები, როგორიცაა ფილტვის, გულის, თვალის, სისხლის და ძვლის ტვინის დაზიანება, იშვიათად ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მისი მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.
აშშ-ის ონკოლოგიური საზოგადოების ინფორმაციით, 2023 წელს ფილტვის კიბოს 238 000 ახალი შემთხვევაა მოსალოდნელი, ხოლო 127 000 ადამიანი დაიღუპება.
ექიმები იმედოვნებენ, რომ ტაგრისოს ბაზაზე ისეთი პრეპარატები შეიქმნება, რომლის მიღება პრევენციის მიზნით იქნება შესაძლებელი, რათა ონკოლოგიური დაავადების საფრთხე მინიმალიზებული იყოს.
0
0