23/05/2024
11:40
კონფლიქტები
ავსტრიელმა მეღვინემ ანდრეას პერნერსტორფერმა, საკუთარი ღვინის მარნის რემონტისას, მიწაში ჩაფლული პრეისტორიული მამონტების ნაშთები იპოვა. ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოჩენას "არქეოლოგიური სენსაცია" უწოდეს.
ანდრეას პერნერსტორფერი ვენის დასავლეთით, კრემსის რაიონში, სოფელ გობელსბურგში ცხოვრობს.
„ძვლები ღრმად იყო ჩაფლული ღვინის მარანში. ამ აღმოჩენის შესახებ შესაბამის უწყებას შევატყობინე, რომელმაც დაადგინა, რომ მამონტის ძვლები ქვის ხანისაა. მანამდე კი, ამავე მარანში ჩემმა ბაბუამ კბილებიც იპოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, ასევე მამონტისაა,”- განუცხადა BBC-ს პერნერსტორფერმა.
ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები აღნიშნულ მარანში არქეოლოგიურ გათხრებს მაისის შუა რიცხვებიდან ატარებდნენ. როგორც არქეოლოგები თომას ეინვეგერერი და ჰანა პაროუ-სოშონი ამბობენ, მარანში ნაპოვნი ქვის არტეფაქტები და ცხოველური ნახშირი მიუთითებს, რომ ძვლები 30 000-40 000 წლების წინანდელია.
„კრემსის რაიონის გარდა, ავსტრიასა და მეზობელ ქვეყნებში, სხვა შესასწავლ ადგილებში არქეოლოგიური გათხრები, სულ მცირე, 100 წლის წინ ჩატარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებით ასეთი აღმოჩენის გამოკვლევა შევძელით. აღმოჩენა აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ნადირობდნენ ქვის ხანის ადამიანები მამონტებზე. მამონტები იმ ადგილზე დაიხოცნენ, სადაც ძვლები იყო ჩაფლული - შესაძლოა ადამიანები ამ ტერიტორიაზე გამოედევნენ მამონტებს და ხაფანგი დაუგეს მათ,“ - თქვა პაროუ-სოუშონმა.
მამონტის ძვლები ვენის ბუნების ისტორიის მუზეუმში განთავსდება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024