17/01/2023
13:09
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთი ახალი შიდა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა. ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ ჯერჯერობით, გარკვეულწილად დაფარული ფორმით, შესთავაზა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა. მიზეზი საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაა. მეორე მიზეზი, დამკვირვებლების აზრით, არის ის, რომ ბჟანიას ხაზი სულ უფრო მეტად ავლენს მიდრეკილებას სახელმწიფო მმართველობის რუსული მოდელისადმი და ეს აფხაზურ საზოგადოებაში ადგილობრივ რეალობებთან შეუსაბამოდ ითვლება. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელიც რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა.
„სამი წლის წინ, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, უმეტესწილად რეფორმებისადმი მიდრეკილების გამო. სწორედ ეს სჭირდებოდა აფხაზეთს, რომელიც ეკონომიკურად დაუძლურდა და მისი ბიუჯეტი რუსულ ტრანსფერებზე გახდა დამოკიდებული. ბჟანიას იდეებმა, რომლებიც დამოუკიდებლობის თეზისს ეყრდნობოდა, მიიზიდა ამომრჩეველი, რომელსაც მისი სჯეროდა. „თუმცა, მთელი რეფორმისტული სულისკვეთება, რამაც მას სამი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნების მოგების საშუალება მისცა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პირველივე წელს დაშრა. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში გაკეთდა, საკონსტიტუციო რეფორმის ახალი კომისიის შექმნა იყო“ - განაცხადა აფხაზმა პოლიტოლოგმა ინალ ხაშიგმა გაზეთთან ინტერვიუში.
მისი თქმით, პრეზიდენტის ინერტულობა დაპირებული რეფორმების ფონზე იმდენად შესამჩნევი აღმოჩნდა, რომ ამის შემჩნევა თვით საპრეზიდენტო მედიამ და ძალებმაც კი დაიწყეს. მართალია, ისინი ცდილობდნენ ამის გამართლებას იმ მძიმე მემკვიდრეობით, რომელიც ბჟანიამ მიიღო მისი წინამორბედისგან - და იყო ამაში გარკვეული სიმართლე. ბჟანიამ დაიწყო წინამორბედების, ანუ ალექსანდრე ანქვაბისა და რაულ ხაჯინბას ქმედებების ტაქტიკის გამოყებევა. ეს კი უტოლდებოდა რეფორმების უარყოფას და მოსკოვის ფინანსურ მხარდაჭერაზე დაქვემდებარებას.
ამიტომ, ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით ბჟანიამ შესაძლოა გაიმეოროს ანქვაბისა და ხაჯინბას ბედი, რომლებმაც ოპოზიციის ზეწოლით ვადაზე ადრე დატოვეს პრეზიდენტის თანამდებობა. მისი აზრით, შეუძლებელია, ბჟანია ამას ვერ ხვდებოდეს. უფრო მეტიც, რუსეთიდან ფინანსების მიღება სულ უფრო რთული ხდება. და საქმე მხოლოდ უკრაინაში სპეცოპერაციას არ ეხება, რომელიც დიდ ფულს მოითხოვს. უკვე გარკვეული პერიოდია, მოსკოვი აფხაზეთისგან კონტრმოძრაობას ითხოვს. საუბარია არა მხოლოდ ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის მიღების სურვილზე, არამედ რუსული ბიზნესის აფხაზეთის აქტივებში აბსოლუტურ დაშვებაზეც.
ინალ ხაშიგმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს შეუძლია და მზად არის ამისთვის წავიდეს. იდეა არაპოპულარულია აფხაზურ საზოგადოებაში - თუ რუსული კაპიტალი ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის საკუთრებაა, რამდენიმე საათში არაფერი დარჩება. იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც რუსი ოლიგარქები ახლა სანქციებს ექვემდებარებიან, აფხაზეთი მათთვის შეიძლება გახდეს „იმპორტის შემცვლელი სივრცე“.
ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ იყო, რომ ოპოზიცია გააქტიურდა. მისი ლიდერი ადგურ არძინბა მიჩნევს, რომ ასლან ბჟანიას მმართველობის სამი წელი საკმარისი დროა მისი საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად.
სწორედ ასეთი მოწოდებით მიმართა არძინბამ პრეზიდენტს აფხაზური მედიის საშუალებით. მიმართვისას მან ბჟანიას არაერთი მწვავე შეკითხვა დაუსვა და მათზე პასუხის გაცემა მოსთხოვა. მან გაიხსენა, რომ ბჟანიას საპრეზიდენტო ვადის ნახევრის შემდეგ უნდა გაემართა რეფერენდუმი მისი პოლიტიკისადმი ნდობის შესახებ, მაგრამ მან ეს არასდროს გააკეთა.
არძინბას თქმით, ბჟანიამ ვერ შეძლო სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმა, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირთა რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირებულიყო. თავის მიმართვაში ოპოზიციონერმა აფხაზური საზოგადოებისთვის მტკივნეული ნეპოტიზმისა და ნათელმირონობის საკითხები წამოჭრა - მისი თქმით, ხელისუფლების ეშელონებში ერთმანეთის ნათესავები არიან. უფრო მეტიც, ისინი ყველა „წარმატებული ბიზნესმენები“ არიან.
ექსპერტების შეფასებით, ადგურ არძინბას კითხვები არის მინიშნება ან წინადადება ასლან ბჟანიასთვის, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი იმ მიზეზით, რომ მან დაპირებები არ შეასრულა. აფხაზეთში ეს ძალიან უხერხულია. მეტიც, არძინბას მიმართვა მთავრდება რიტორიკული კითხვით აფხაზი ხალხისადმი: „თქვენი აზრით, მრავალტანჯულ აფხაზეთს მდიდარი ისტორიითა და კულტურით შეიძლება სათავეში ედგას ადამიანი, რომელიც არ ასრულებს თავის დანაპირებს და არ ასრულებს სიტყვას? შეუძლია თუ არა ასეთ ადამიანს ამ რთულ, არასტაბილურ დროს ჩვენი ხალხის წარმართვა ყველა მოახლოებული განსაცდელში?...“ - ნათქვამია სტატიაში.
0
0