19/10/2023
16:55
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.
„[უკრაინის პრეზიდენტის] ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს სურთ ახალი სისხლიანი ომის დაწყება კავკასიის რეგიონში. უკრაინა ცდილობს გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი ზონა რუსეთის ირგვლივ. <...> იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს“, - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.
ბჟანიას თქმით, ზელენსკის მსგავსი განცხადებები რეგულარულია და „დასავლეთი მათზე ან დუნედ რეაგირებს, ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი იზიარებენ ასეთ შეხედულებებს აფხაზეთთან მიმართებაში“.
„ასეთ დეტალებში ვლინდება დასავლური სახელმწიფოების ე.წ. ლიდერების მთელი არსი. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ომის დაწყებაზე და არანაირი რეაქცია არ არის“, - განაცხადა მან.
მანვე დასძინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლება“ მუდმივად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მოქმედებს „მოკავშირეებთან ერთად, როგორც ერთიანი ფრონტი“.
ოჩამჩირის პორტში რუსეთის საზღვაო ძალების გემების დაგეგმილ ბაზირებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირაში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024