20/11/2024
10:40
მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ედმუნდო გონსალესი, ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა.
ვენესუელის ხალხმა 28 ივლისს ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია. დემოკრატია მოითხოვს ამომრჩეველთა ნების პატივისცემას“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
თავად გონსალესმა მადლიერება გამოხატა ვაშინგტონის პოზიციის მიმართ.
„ეს ჟესტი პატივს მიაგებს ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში და სამოქალაქო გმირობას, რომელიც ჩვენ ერთად ჩავიდინეთ 28 ივლისს“, – დაწერა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.
ვენესუელის ხელისუფლებამ კრიტიკულად უპასუხა აშშ-ს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის სიტყვებს. ბოლივარიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან ხილმა ამერიკელი კოლეგა ვენესუელის საყოველთაოდ აღიარებულ მტრად”მოიხსენია.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი ლიდერი ნიკოლას მადურო გამოაცხადა. მადურო ქვეყანას 2013 წლიდან მართავს.ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნები კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა მოიგო, რომელსაც აშშ-ს მხარდაჭერა აქვს. არჩევნების სადავო შედეგების გასაპროტესტებლად ვენესუელაში მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა. არეულობის დროს დაიღუპა 28 ადამიანი, დაახლოებით 200 დაშავდა, ხოლო ორი ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.
სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა, ამბოხებისკენ წაქეზება, შეთქმულება და საბოტაჟი წაუყენეს. რამდენიმე დღის შემდეგ გონსალესი ესპანეთში გაფრინდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ევროკავშირმა უარი განაცხადა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგების შედეგების აღიარებაზე და მოუწოდა მთავრობას შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა ვენესუელაში.
0
0