15/10/2024
22:04
მსოფლიო
აშშ-მა ისრაელს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამერიკული სამხედრო დახმარება დადგეს კითხვის ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელს წერილით მიმართეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ქვეყანამ მომდევნო თვეებში ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამერიკული სამხედრო დახმარება დადგეს კითხვის ქვეშ.
“გწერთ, რათა ხაზი გავუსვათ აშშ-ის მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაზე, და მოგიწოდოთ, რომ თქვენმა მთავრობამ მიმდინარე თვეში ამ ტრაექტორიის შესაბრუნებლად სასწრაფო და სტაბილური ქმედებები იძიოს…
ამ ზომების მიღებისა და შენარჩუნებისადმი სტაბილური ერთგულების დემონსტრირების ჩავარდნას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს აშშ-ის პოლიტიკაზე… და შესაბამის ამერიკულ კანონზე”, - ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, ბლინკენისა და ლოიდის წერილი თავდაპირველად მედიამ 13 ოქტომბერს გაავრცელა. Reuters-ის ცნობით, საკითხთან ნაცნობმა ორმა წყარომ მათ წერილის ავთენტურობა დაუდასტურა. ამ მომენტისთვის არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, არც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და არც ისრაელის მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია მედიაში გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით.
0
0