26/11/2024
11:53
მსოფლიო
აშშ-ის უნივერსიტეტებმა, დონალდ ტრამპის მასობრივი დეპორტაციის „შემაშფოთებელი“ გეგმების გამო, საერთაშორისო სტუდენტებსა და პერსონალს კამპუსში დაბრუნება ურჩიეს მანამ, სანამ ახლადარჩეული პრეზიდენტი იანვარში თანამდებობას დაიკავებს.
”საიმიგრაციო პოლიტიკის მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, ყველა საერთაშორისო სტუდენტი ახლა შეშფოთებულია და წარმოუდგენელ სტრესს განიცდის. ბევრი აზიელი სტუდენტი [განსაკუთრებით ჩინელები] შიშობს ვიზებთან დაკავშირებით და მიეცემათ თუ არა მათ სწავლის გაგრძელების უფლება”, - განუცხადა BBC-ს კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორმა ქლოე ისტმა.
როგორც ცნობილია, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციის ოპერაციას განახორციელებს. აშშ-ის უმაღლესი განათლების საიმიგრაციო პორტალის თანახმად, აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებში 400 000-ზე მეტი ე.წ. უსაბუთო სტუდენტი ირიცხება. ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი დეპორტაციის სიაში მყოფი უსაბუთო ემიგრანტებისთვის სპეციალურ ნაგებობებს უზრუნველყოფენ.
2017 წელს, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც, ძირითადად, რამდენიმე მუსულმანური ქვეყნის, ასევე ჩრდილოეთ კორეასა და ვენესუელას მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავდა. პირველი პრეზიდენტობის დროს, მან ასევე სტუდენტურ ვიზებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხი წამოჭრა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა და ვესლეანის უნივერსიტეტმა ასევე გასცა სამოგზაურო რეკომენდაციები, რომლებშიც სტუდენტებს და პერსონალს ტრამპის ინაუგურაციის დღემდე აშშ-ში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
0
0