08/01/2025
00:29
მსოფლიო
რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწე ლორა კუპერი, რომელსაც წამყვანი როლი ეკავა კიევისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების კოორდინაციაში, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კუპერი, რომელმაც პენტაგონში 20 წელზე მეტი იმუშავა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდების კოორდინაციაში ომის დაწყების შემდეგ.
„აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ბოლო თანამდებობაზე ყოფნისას კუპერმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა უკრაინის მთავრობის მრავალ წარმომადგენელთან, ხოლო კიევში მას „მოლაპარაკებებში პატიოსან შუამავლად“ მიიჩნევდნენ“, – წერს „პოლიტიკო“.
კუპერის შესახებ მედიაში ინფორმაცია პირველად 2019 წელს გავრცელდა, როდესაც ის კონგრესში დაიბარეს ჩვენების მისაცემად იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობდა მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ზეწოლა მოეხდინა უკრაინის ხელისუფლებაზე ჯო ბაიდენის საქმიანობის გამოძიების მიზნით. ბაიდენი იმ დროს ითვლებოდა ტრამპის მთავარ მეტოქედ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც მედია წერს, ამ ზეწოლის განსახორციელებლად, ტრამპმა შეაჩერა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც უკვე დამტკიცებული იყო კონგრესის მიერ.
კუპერის ჩვენება ეხებოდა უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების დაყოვნებას. მოსმენებზე მან განაცხადა, რომ თანხა „დაყოვნებული იყო ახსნა-განმარტების გარეშე“.
პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნები „პოლიტიკოსთან“ აღნიშნავენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მის წინააღმდეგ შესაძლოა, დაიწყოს დევნა.
0
0