18/10/2024
22:24
მსოფლიო
აშშ-ის საიდუმლო სამსახურს ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებზე თავდასხმის მცდელობები გაგრძელდება, – ამის შესახებ ნათქვამია დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშში, რომლის წევრებმაც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა გააანალიზეს.
„საიდუმლო სამსახურს ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება თავისი მისიის შესასრულებლად. ამ რეფორმის გარეშე, დამოუკიდებელი კომისიის აზრით, ბატლერში მომხდარი შემთხვევა შეიძლება განმეორდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გაეგზავნა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალეხანდრო მაიორკასს.
52-გვერდიან ანგარიშში ავტორები ზოგიერთი მაღალი რანგის ხელმძღვანელის გათავისუფლებას და სპეცსამსახურის ხელმძღვანელობაში გარე სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საიდუმლო სამსახურის აგენტების მუშაობა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ქვეყნის მრავალ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მაგრამ დოკუმენტში აღნიშნულია რიგი ნაკლოვანებებიც.
კერძოდ, საუბარია თანამშრომლებს შორის „კრიტიკული აზროვნების შემაშფოთებელ ნაკლებობაზე“ და მათ უარზე, „ღიად ისაუბრონ“ პრობლემებზე, ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაცვისას სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე.
ანგარიშში მოცემულია როგორც კონკრეტული რეკომენდაციები, დაკავშირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და თანამშრომელთა სწავლებასთან, ასევე ზოგადი რჩევები, რომლებიც ეხება საიდუმლო სამსახურის მუშაობას მთლიანობაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი გადადგა. ამჟამად საიდუმლო სამსახურს ხელმძღვანელობს მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი რონალდ ლოუ, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტო ყურადღებით შეისწავლის კომისიის დასკვნებს.
0
0