30/09/2022
22:25
მსოფლიო
აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად, მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„აშშ გმობს რუსეთის დღევანდელ თაღლითურ მცდელობას, მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსია. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაერო-ს წესდებას და გამოხატავს თავის ზიზღს ყველგან მშვიდობიანი ერების მიმართ. არ შეცდეთ: ამ ქმედებებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით, მათ შორის 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გამოყოფით, რომელიც აშშ-მა მიმდინარე კვირას გამოაცხადა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ ანექსიის შესახებ ყალბი განცხადებების საპასუხოდ, აშშ თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებს აწესებს. ეს სანქციები შეეხება რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პოლიტიკურად ან ეკონომიკურად მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიის სტატუსის ცვლილების უკანონო მცდელობებს.
განცხადების თანახმად, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება თავდაცვისთვის.
„მოუთმენლად ველოდები კონგრესის მიერ კანონის ხელმოწერას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის დამატებით 12 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
ბაიდენი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს, უარყოს რუსეთის მიერ ანექსიის უკანონო მცდელობები და გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.
0
0
ჰამასის ლიდერები თურქეთში გადავიდნენ - მედია
18/11/2024