10/11/2024
19:43
პოლიტიკა
არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჯგუგ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განმარტა, ყველა აქციის მიზანი არის საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება.
"დღეს ახალგაზრდების ორგანიზებით ტარდება აქცია, რომელსაც ბუნებრივია, ვუერთდებით. ყველა აქციას შევუერთდებით, ჩვენც დავაორგანიზებთ, იმიტომ, რომ არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება. არჩევნების, რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა, წაართვა ხალხს და ახლა ცდილობს ევროპულო მომავალი წაგვართვას. ყველა აქციის ერთადერთი მოთხოვნა არის სწორედ ხელახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ხალხმა საკუთარი ხმა და არჩევანი დაიბრუნოს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სოციალურ ქსელში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არჩევნები გაყალბდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის - გვარამია,მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
0
0