03/10/2024
15:03
მსოფლიო
დანიელმა არქეოლოგებმა, ქვეყნის აღმოსავლეთით, სოფელ ასუმში, ვიკინგების ეპოქის დიდ სამარხში, 50-ზე მეტი „თითქმის დაუზიანებელი“ ჩონჩხი აღმოაჩინეს. სამარხი მე-9-მე-10 საუკუნეებით თარიღდება.
ოდენსის მუზეუმის გუნდის თქმით, ჩონჩხები არტეფაქტებთან ერთად, დანიის საზღვრებს მიღმა იპოვეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვიკინგები სავაჭრო მიზნებით აქტიურად მოგზაურობდნენ.
„წარმოუდგენლად იშვიათია ვიკინგების ნაშთების ასეთ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება. ხშირად, როდესაც ვიკინგების ეპოქის სამარხებს ვთხრით, გაგვიმართლებს ხოლმე, რომ რამდენიმე კბილი მაინც აღმოვაჩინოთ. რეალურად, ჩონჩხების დაუზიანებლად შენარჩუნება ადგილზე არსებულმა გარემო ფაქტორებმა განაპირობა. ამ კონკრეტულ ადგილას, მიწა დიდი რაოდენობის ცარცს შეიცავს, რაც ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებას და ასევე მიწაში ბუნებრივი წყალი გროვდება, რაც ძვლების დაშლის პროცესს ანელებს.
ამ ტერიტორიაზე გათხრები ელექტროქსელის განახლების სამუშაოების ფარგლებში დავიწყეთ. წარმოდგენა არ გვქონდა, რომ იქ ვიკინგების ჩონჩხის სამარხი იქნებოდა. ეს აღმოჩენა არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს გვთავაზობს სამეცნიერო ანალიზების ფართო სპექტრის ჩასატარებლად, რამაც შეიძლება მეტი ფაქტი გამოავლინოს ამ ადამიანების ზოგადი ჯანმრთელობის, კვების რაციონისა და წარმომავლობის შესახებ. ჩონჩხების გვერდით დამარხული ნივთები ასევე ბევრს მეტყველებს გარდაცვლილთა შესახებ - მათ სოციალურ სტატუსზე.
ერთ-ერთ სამარხში, ურემში, ქალი იყო დაკრძალული. სავარაუდოდ, მან ამ ურმით იმოგზაურა. ის თავისი საუკეთესო ტანსაცმლითა და ნივთებთან ერთად დაკრძალეს. ასევე ნაპოვნია ლამაზი შუშის მძივის ყელსაბამი, რკინის გასაღები, დანა ვერცხლის ძაფებიანი ტარით და შუშის პატარა ნატეხი, რომელიც შესაძლოა თილისმის ფუნქციას ასრულებდა. სხვა ადამიანის სამარხში მოთავსებული იყო ბრინჯაოს სამნაკვეთურიანი გულსაბნევი, მიცვალებულის კისერზე ჩამოკიდებული წითელი შუშის მძივი, ასევე რკინის დანა და მთის ბროლის პატარა ნატეხი. მთის ბროლი ბუნებრივად არ გვხვდება დანიაში და სავარაუდოდ ის ნორვეგიიდან იმპორტირებულია. ახლა ჩონჩხები გაშრობის პროცესშია, შემდეგ მათ გავასუფთავებთ და კოპენჰაგენში შემდგომი კვლევისთვის გავგზავნით,“ - განუცხადა CNN-ს მუზეუმის კურატორმა მაიკლ ბორე ლუნდომ.
ექსპერტების თანახმად, სამარხის ადგილის აღმოჩენა ადასტურებს, რომ სოფელი ასუმი საკვანძო გეოგრაფიული წერტილი იყო უძველესი ურბანული განვითარებისთვის, რამაც საბოლოოდ განაპირობა ოდენსეს - დანიის სიდიდით მესამე ქალაქის - ჩამოყალიბება.
0
0