28/11/2024
12:27
მსოფლიო
აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში, მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი დონალდ ტრამპის მოკვლით მუქარასთან დაკავშირებით წაუყენეს.
კერძოდ, სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, მანუელ ტამაიო-ტორესს ბრალად ედება სოციალურ ქსელში ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებშიც ახლადარჩეული პრეზიდენტის მოკვლით იმუქრება. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 13 ნოემბერს გამოქვეყნდა, ტამაიო-ტორესი დონალდ ტრამპს ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლით ემუქრება. ვიდეოში ჩანს, რომ მას ხელში AR-15 ტიპის ავტომატი უჭირავს. სხვა ვიდეოები გადაღებულია ქალაქ გლენდეილში [არიზონა], 23 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც ტრამპმა იქ აქცია გამართა.
„ვიდეოებში, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, მამაკაცი ტრამპს და მის ოჯახს ადამიანთა გატაცებასა და სექსუალურ ტრეფიკინგში ადანაშაულებს. 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ტამაიო-ტორესი ამბობს, რომ „ტრამპის ოჯახის ყველა წევრი დაიხოცება!”, - იუწყება NBC News-ი.
როგორც გამოცემა წერს, ვიდეოში ტამაიო-ტორესი ტრამპს მიმართავს: „შენ კავკასიელი არარაობა ხარ! ვერაფერს გამოიმუშავებ. არიული [რასის] ფული - სულ ესაა შენი ქონება. მდაბიო, ნაძირალა ხარ! თუ მომეცემა შანსი, ჩემი ხელით დაგმარხავ!“
”წუხელ და დღეს დილით, პრეზიდენტ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრებმა მუქარისა და საფრთხის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ინციდენტს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა და მოახერხეს კონკრეტული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.
0
0