23/12/2022
14:11
სხვადასხვა
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიზარმაცესა და შრომაზე, ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანებს ,რატომღაც, მიდრეკილება აქვთ სიზარმაცისა და არაფრის კეთებისკენ.
ამას ჩვენ ვამბობთ ჩვენი და ყველა იმ სხვა ადამიანის მაგალითზე, რომლებისგანაც ვიცით, რომ მუშაობას დასვენება ურჩევნიათ. ამ ფაქტების გამო, ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ, ეს ყველაფერი ლოგიკურად აღვიქვათ და სიზარმაცეს ვრაცხავთ ადამიანის ბუნებრივ თვისებად. საერთოდ აღარ ვინტერესდებით იმ მიზეზებით, რომლებიც რეალურად, სიზარმაცეს იწვევენ.
შრომა ადამიანებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვ., შრომა არის რუტინული და ხშირად, ჩვენთვის აუტანელიც კი. ამიტომ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ადამიანი, რა თქმა უნდა, დასვენებას არჩევს და შრომისგან თავის არიდება ბუნებრივიც კია. მაგრამ, რეალურად ეს, ასე არ არის.
სიზარმაცე არ არის თვისება. სიზარმაცე არის იმ აუტანელი, რთული და ადამიანისთვის შეუსაბამო შრომის შედეგი, რომელსაც დღესდღეობით, ასე ხშირად ვხვდებით.
ის, რომ ადამიანების უმეტესობა, თავისუფლად შეგვიძლია დავახასიათოთ ზარმაცებათ, ალბათ ფაქტია. მაგრამ ეს მხოლოდ რეალობის რაღაც მიზერული ნაწილია. საჭიროა, აქაც მოვერიდოთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას და ამ ქცევის რეალური მიზეზი ვიპოვოთ.
პირველ რიგში, ცხადია, ვერ უარვყოფთ გარკვეულ ბიოლოგიურ ფაქტორს სხვადასხვა პიროვნების ხასიათში. პროდუქტიული შრომის მოტივაციასთან დაკავშირებული ჰორმონი დოპამინი, ლოგიკურია, ადამიანის აქტიურობაზე გავლენას ახდენს. ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომა, თვითგანვითარება, საკუთარი თავისთვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ყველასთვის სასიამოვნოა, მაგრამ ადამიანები მაინც განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებს ხსენებული ჰორმონი და მისი რეცეპტორები.
ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ სიზარმაცე, რაღაც ბიოლოგიურად განსაზღვრული დაღია ადამიანისთვის - არსებობენ თანდაყოლილად ზარმაცები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, განვითარება არ შეუძლიათ და თანდაყოლილად შრომისმოყვარენი, რომლებსაც ცხადია „ზარმაცებისგან“ განსხვავებით განვითარების ფართო გზა აქვთ,. თუმცა ეს, ასე არ არის.
ჰორმონული განსხვავებები ისედაც ნაკლებად შესამჩნევია და შეუძლებელია იწვევდეს ასეთ დიდ უარყოფით გავლენას. რეალურად, ეს მცირე ბიოლოგიური გადახრა არ თამაშობს დიდ როლს ადამიანის პროდუქტიულობაში და საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია იმ გარემო-პირობებზე, რომელშიც ადამიანს შრომა უწევს.
რომელი საქმის კეთება გვეზარება? იმ საქმის, რომელიც არ ვიცით, არ მოგვწონს და არც დამოუკიდებლად შეგვირჩევია. რეალურად, ადამიანები ძირითად, მომავალ პროფესიას ირჩევენ არა თავისი პირადი სურვილით - გახდნენ ამა თუ იმ საქმის პროფესიონალები, არამედ ფინანსური ინტერესებისა და გარემოცვის გავლენით.
მაგალითად, ფიზიკური შრომის დიდი ნაწილი, უბრალოდ, არაპოპულარულ არჩევანია ახალგაზრდებში. ასეთი ტიპის შრომა, არა თუ არაპრესტიჟულად, არამედ სირცხვილადაც კი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც „წარუმატებელი ადამიანის“ საქმიანობა.
სიმართლე რომ ვთქვათ, თანამედროვე საზოგადოების სტანდარტებით, მართლაც ასეა: არავის არ სურს თუნდაც საყვარელი საქმე იმ ფასად აკეთოს, რომელიც ცხოვრებაში საკმარის კონფორტს ვერ შეუქმნის, ვერც ფინანსურად და ვერც სოციალურად.
სწორედ ამ მიზეზების გამო, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ირჩევს იმ პროფესიებსა და საქმეს, რომლებიც რეალურად, მათ არ შეეფერებათ და რა გასაკვირია, რომ წლების შემდეგ, მათთვის ეს უბრალო, უფერული, დამღლელი რუტინაა, რომლის მიმართაც აღარანაირი ენთუზიაზმი აღარ აქვთ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვეობაში უფრო დიდი პრობლემაა "შრომისმოყვარეობა" (რომელიც უფრო ხშირად იმ სამუშაოსადმი ერთგულებას ნიშნავს, რომელიც არ გიზიდავს) და არა სიზარმაცე, რომელიც ადამიანის პიროვნულობასა და გარე სამყაროს შორის შეუსაბამობის შედეგია - ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, „მტვერი არასწორ ადგილას მოხვედრილი მატერია“,. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ "ზარმაცებად" წოდებულ აბსოლუტურ უმრავლესობაზე.
სიზარმაცესთან ბრძოლის ერთადერთი გზა კი, იმ იძულებითი საფუძვლის შეცვლაა, რომელზეც შრომის სისტემაა დამყარებული. წამყვანი უნდა გახდეს არა მომგებიანობა და მოძველებული შეხედულებები პროფესიების პრესტიჟულობაზე, არამედ პირადი ინტერესი და კეთილდღეობა.
ფეოდალურ წყობაში, გლეხს არანაირი მოტივაცია არ გააჩნდა რამდენ მოსავალს აიღებდა - 10 კგ სიმინდს, თუ 12 კგ-ს. საბოლოოდ, ფეოდალი გლეხს უტოვებდა მის „კუთვნილ“, ფიქსირებულ 2 კგ-ს, ხოლო დანარჩენს, თვითონ იღებდა. ვითარება არც თანამედროვეობაში შეცვლილა - დაქირავებულის პროდუქტიულობა და შრომისმოყვარეობაბ აუცილებლად მის ჯიბეზე არ აისახება .
სიზარმაცე პირობითია, ის არ არის არც თანდაყოლილი და არც უცვლელი, მისი აღმოფხვრა, თავისუფლადაა შესაძლებელი შრომის პირობების გაუმჯობესებით.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0