14/11/2024
19:18
პოლიტიკა
არჩევნებზე ფურცლის ხარისხი, მარკერი და კონვერტი არ შემიმოწმებია, იქ არ მივსულვარ, როგორც ექსპერტი, მივედი, როგორც ამომრჩეველი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას კითხვა დაუსვა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საარჩევნო უბანზე პოზიციის დაფიქსირებისას დაგხვდათ სხვა ხარისხის მარკერი, ფურცელი და ა.შ. არჩევნების დღეს მედიასთან განაცხადეთ, რომ გამართული იყო. რატომ არ თქვით, როდესაც დაგხვდათ სხვა მარკერი, ფურცელი და ჩარჩოკონვერტი? ხმის მიცემის დროს ადგილზე ვერ დაინახეთ?“ – რაზეც გვარამიამ განაცხადა, რომ უცნაური იქნებოდა, ადგილზე მარკერის, ქალაღდისა და კონვერტის შემოწმება დაეწყო.
„თქვენ ფიქრობთ, რომ იქ მივედი, როგორც დამკვირვებელი, რომ ფურცლის ხარისხი, მარკერი და კონვერტი შემემოწმებინა? არ მივსულვარ იქ, როგორც ექსპერტი, მივედი, ხმა მივეცი, როგორც ამომრჩეველმა და გამოვედი. ასე ვერ შეატყობდით ვერც თქვენ და ვერც ვინც აქ ვართ. ჩვენ ხომ ამომრჩევლები ვართ. ადგილზე როგორ უნდა შემეტყო, მარკერი გამჭვირვალეა თუ არა, უკნიდან ჩანს თუ არა, კოვერტი მოკლეა თუ არა, იქ ამის შემოწმებას დავიწყებდი? მით უმეტეს, ხომ იცით, პოლიტიკოსები როგორ აძლევენ ხმას. 20 კამერა მიყურებდა. მარკერის და ქალაღდის გრამაჟის შემოწმებას, მარკერის მელნის და კონვერტის სიდიდის შემოწმებას ვერ დავიწყებდი, უცნაური იქნებოდა. მე ხომ ექსპერტი არ ვიყავი, არც დამკვირვებელი. ყველა დამკვირვებელმა შეატყო ყველგან. აგერ ფურცლებია, ეს ხომ არ გველანდება, რაც არის გამოქვეყნებული. თქვენც ხომ ხედავთ. მართალია, მოსამართლე გვრიტიშვილი ამბობს, ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავო, მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი ვხედავთ, რომ ეს წერტილები უკნიდან ჩანს.
არც მიმიქცევია ადგილზე ყურადღება. პირობითად ვთქვათ, რომ ვერ დავინახე. მე თუ ადგილზე ვერ დავინახე, ესე იგი ფარულობაში პრობლემა არ ყოფილა? არ მიმიქცევია ყურადღება, თორემ ყურადღება რომ მიმექცია, მოვითხოვდი, სხვანაირად ყოფილიყო. ასე არ მიაქცია ყურადღება ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა. თქვენ რა გგონიათ, ამომრჩეველი უყურებს, უკნიდან ჟონავს თუ არა მელანი? მე ვნახე ტელევიზიით მტკიცებულებები მას შემდეგ, რაც ამოიღეს ყუთებიდან. შედეგები რომ დაჯამდა, მანამდე, მიმდინარეობისას იყო გარკვეული საჩივრები, მაგრამ ჩვენ მასობრივად ეს მაშინ ვნახეთ, როდესაც ამოიღეს და ყველა ბიულეტენი უკნიდან დაწერტილი, გაჟონილი იყო, ცხადი გახდა, რაც ხდებოდა. ეს ბიულეტენები რომ ამოვიდა, მივხვდით, იმის იდენტიფიკაცია ხდებოდა, კონკრეტულმა ადამიანმა ვის მისცა ხმა. შეუძლებელია, ყველა ინფორმაციას ფლობდე დღის განმავლობაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, ჩარჩოკონვერტი ბიულეტენს „ან ფარავდა, ან არა“.
„ამომრჩეველი არ არის ვალდებული, რომ თქვენ კონვერტი დაუმოკლოთ და იმან დაუმიზნოს იმას, რასაც ფარავს. ჯერ ერთი, კონვერტი თუ ქვემოთ გაქვთ ჩამოწეული, ესე იგი, ქვემოთ გაქვთ ხმა მიცემული, თუ ზემოთ გაქვთ აწეული, ანუ ზემოთ გაქვთ მიცემული. არ არის სიმართლე, რომ კონვერტი საარჩევნო ნომრებს სრულად ფარავდა. აბა, 41-ები როგორ ჩანდა ჩარჩოკონვერტიდან? თქვენ გინახავთ, როგორ შედის ბიულეტენი აპარატში? თქვენი ნომერი უკნიდან გაჟონილი ვერ დაინახეთ? ჩარჩოკონვერტი დიდი რომ იყო, რატომ დაპატარავდა, რა ახსნა აქვს? ფურცელი სქელი რომ იყო, რატომ დათხელდა, მარკერი უფრო ბაცი რომ იყო, რატომ გამუქდა?
არჩევნების დღეს იყო ამაზე საუბარი, მეორე დღესაც, მაგრამ არჩევნების ანალიზს სჭირდება დრო. ეს არ არის ერთსაათიანი პროცესი, არც უპასუხისმგებლო და არც მარტივი პროცესი. როცა ბოლომდე შეიკრა მთელი სურათი, მაშინ გავაკეთეთ ამის შესახებ განცხადება“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, კითხვაზე, – „თქვენთვის სასურველი შედეგი თუ დადგებოდა და ნახავდით, რომ მარკერი გაჟონილი იქნებოდა, ამ შემთხვევაშიც იგივე პოზიცია და რეაქცია გექნებოდათ, რომ ფარულობა დარღვეული იყო?“- რაზეც გვარამიამ განაცხადა:
„ფარულობის დარღვევა ხდება ხელისუფლების მიერ იმიტომ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს? ეს ხომ ისეთი დაშვებაა, რომელიც ალოგიკურია. ალოგიკურ დაშვებაზე რატომ ვიმსჯელოთ? ეს სხვა ტიპის კითხვაა. ეს როგორ უნდა მომხდარიყო, არ არსებობს კომბინაცია, როდესაც ასეთი რამ ხდება. შემთხვევით შეეშალათ ქალაღლდის გრამაჟი, კონვერტები დამოკლდნენ თავისით სიცივის გამო და მარკერები გაბოლდნენ თავისით სიცხის გამო. ამის განხილვაზე ხომ არ წავალ ახლა და მაინც ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს როგორ უნდა დავასაბუთო, ამაში ლოგიკა არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024