03/10/2024
20:41
არჩევნები 2024
ტრადიციებზე გველაპარაკებიან, ღირებულებებზე, ქართველობაზე და აქ, გურიაში აპირებდნენ მარიხუანის პლანტაციების გაშენებას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ყველა გზა გადაკეტა და საქართველო დღეს მოქცეულია იზოლაციაში, რადგან არცერთი სერიოზული ოფისი და პოლიტიკოსი კარს აღარ უღებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
„ჩემთვის ძალიან ემოციურია ამ ადგილას ყოფნა, თქვენთან შეხვედრა და საუბარი. ძალიან დიდი ქართველის სახლ-მუზეუმის ეზოში ვიმყოფებით. ქართველის, რომელიც არის პრაქტიკულად ჩვენი სინდის-ნამუსი და იმ ძალიან დიდი საგანძურის გადამრჩენელი, რითაც ჩვენ დღესაც ვამაყობთ და მომავალი საუკუნეებშიც ვიამაყებთ. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გაგაცნოთ "ძლიერი საქართველოს" პლატფორმა, გაგაცნოთ ის ადამიანები და ის ხედვა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. თქვენ იცით, რომ ივლისში "ლელო", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის", ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", ლევან ცუცქირიძის მოძრაობა " თავისუფლების მოედანი", ჩამოვყალიბდით და გავაკეთეთ ერთიანი კოალიცია. ეს გავაკეთეთ მანამ, სანამ არჩევნები დაიწყებოდა და ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ვაჩვენოთ ის კულტურა, რომ ჩვენ, სხვადასხვა პარტიებს შეგვიძლია გავერთიანდეთ საერთო მიზნის გამო, ჩვენ შეგვიძლია შევჯერდეთ პროგრამაზე, რომელსაც განვახორციელებთ არჩევნების შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული გეგმა, ერთმანეთი გავაკონტროლოთ, მაგრამ მოვემსახუროთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ამ საქმეს ჰქვია - საქართველოს ძლიერება, საქართველოს ხვალინდელი დღე თითოეული ოჯახის ძლიერება საქართველოში“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, „12 წელი გავიდა მას მერე, რაც "ქართული ოცნება" გვაცხოვრებს ტყუილებში“.
„არ მინდა გადაგღალოთ, არ მინდა იმ ტყუილების გამეორება, მაგრამ რამდენიმეს შეგახსენებთ: 100 ქარხანა, უფასო ფული, 5 მილიონი თითოეულ სოფელს. ერთი მხრივ, ტრადიციებზე გველაპარაკებიან, ღირებულებებზე და ქართველობაზე და აქ გურიაში აპირებდნენ მარიხუანის პლანტაციების გაშენებას. რომ არა ჩვენი უწმინდესი და ეკლესია, ჩვენ რა ქვეყანა ვიქნებოდით დღეს წარმოუდგენელია. ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. იმ ქვეყანაში, სადაც ნარკომანია არის ახლა ყველაზე მაღალ ნიშნულზე. იცით, რომ ინექციური ნარკომანიის თვალსაზრისით, მე გეუბნებით გაეროს მონაცემებს, საქართველო არის პირველ ადგილზე. არ დარჩენილა არცერთი სადარბაზო, სადაც შპრიცი და ნემსი არ შეგხვდეთ. ეს არის ტრაგედია, რომელშიც პირველ რიგში შეგვიყვანა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს. აღარ ვლაპარაკობ უმუშევრობაზე, იმ ემიგრაციაზე, რომელიც ყველა ოჯახს შეეხო. მთელი საქართველო მოვიარე ჩემს მეგობრებთან ერთად და არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ემიგრანტი არ იყოს გასული. უმუშევრობა, სიღატაკე, მაღალი ფასები - ერთ-ერთი ძვირი ქვეყანა გავხდით. ევროპასთან შედარებით თბილისი არის ერთ-ერთი ძვირი ქალაქი და ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს ყველა ამ პრობლემის გათვალისწინებით, საქართველოს უდგას ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევა და ეს გამოწვევა არის - სად იქნება ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბრის მერე, იქნება დამოუკიდებელ, თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თუ იქნება მართლა რუსეთის უკანა ეზო და თავისუფალი სამყარო არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ იმ არჩევანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა და რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება, მაღალი სტანდარტის განათლება, მაღალი პენსიები, სამუშაო ადგილები და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვა და სწორედ ამის გამო ჩვენ ჩვენს გეგმას დავარქვით "ილიას გზა". ილიას გზა არის რაც ჩვენ გვაერთიანებს. ილიამ განჭვრიტა ეს თავის დროზე, სანამ მოკლავდნენ 117 წლის წინ. მოკლეს ილია, მაგრამ მე ხშირად ვიმეორებ, რომ ვერ მოკლეს ეს იდეა, რომელიც არის მამული, ენა და სარწმუნოება. სწორედ ამის დაცვა არის შესაძლებელი იმ სივრცეში, რომელსაც თავისუფალი სამყარო ჰქვია და სადაც ევროკავშირი გვეპატიჟება, სადაც "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ყველა გზა გადაკეტა და შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველო დღეს არის მოქცეული იზოლაციაში. არცერთი სერიოზული ოფისი და პოლიტიკოსი კარს აღარ უღებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანაა, რომ შემცირდეს რუსული გავლენები.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა: 9 პუნქტის შესრულება სასწრაფოდ, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირის მოლაპარაკებებს და შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იყოს იმ ტრიოში, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად გავწევრიანდეთ ევროკავშირში. გვაქვს მეორე 9 პუნქტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაცვას რუსული გავლენისგან. უვიზო მიმოსვლა არსებობს საქართველოში, მე სტუმარიც ვიცი, მაგრამ როცა ჩვენი მეზობლები რუსებს იღებენ 60-90-დღიანი სავიზო რეჟიმით ჩვენთან სავიზო რეჟიმი საერთოდ არ არსებობს. 37 000 რუსული კომპანია გაიხსნა. რამდენი გაიხსნა ევროპული კომპანია საქართველოში? შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ აქ ვინმემ კომპანია გახსნას, მაგრამ წინააღმდეგი ვარ, რომ ეს კომპანიები ჩვენი მოქალაქეების ადგილს იკავებენ და ნახევარზე მეტი რას საქმიანობს არ ვიცით. ამიტომ, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ შევამციროთ რუსული გავლენები. ქართული ღვინის 80% არ უნდა იყიდებოდეს რუსეთში. ჩვენი ბაზარი არის ევროპა. მე აქ მოვდივარ ჩაის პლანტაციიდან, მოვდივარ ხილის პლანტაციიდან. ის რაც ხდება, ნიშნავს იმას, რომ არც პოლიტიკა, არც ხედვა აქვთ და არც ადამიანი აინტერესებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა რეალურია და ამისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვა ისეთი სფეროების დაბეგვრით მოხდება, რომელიც დოვლათს არ ქმნის.
„1000-ლარიანი პენსია - თქვენ იცით რომ ძალიან დიდი კამათი იყო ამაზე, მაგრამ ახლა მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დაგვეთანხმა, რომ ეს არის შესაძლებელი. ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, რომელიც ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს და ჩვენ ავიღეთ ეს ჩვენს თავზე. თუ 800 000 პენსიონერი ვერ იგრძნობს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს, ჩვენ წინ ვერ წავალთ. საქართველოში არის 230 მილიარდი ბიზნესის ბრუნვა. 230 მილიარდიდან 63 მილიარდი არის სათამაშო ბიზნესი, "რულეტკა", სლოტ კლუბები, კაზინო და ა.შ. კი, ბიზნესია, გეთანხმებით, ბიზნესის გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ ქვეყანას შემოსავალი აქედან აქვს 230 მილიონი ლარი. აი, დასაბეგრი ბაზა, აი, საიდან წამოვიღებთ იმ თანხებს, რომელსაც ჩვენ მოვახმართ პენსიების ზრდას. მომავალი წლის ბიუჯეტით, „ქართული ოცნება“ 20 ლარით უმატებს პენსიას. ეს არის დაცინვა. ეს არის სავსებით რეალური: დავბეგროთ ისეთი სფერო, რომელიც დოვლათს არ ქმნის.
რაც შეეხება 200 000 სამუშაო ადგილს, ჩვენ რომ ანაკლია დაგვესრულებინა და ხელისუფლებას არ შეეშალა ხელი, დღეს ათეულ ათასობით სამუშაო ადგილები იქნებოდა არამხოლოდ ანაკლიაში, არამედ ყველა იმ დამხმარე საწარმოებში, რომლებიც ამ უზარმაზარ ინდუსტრიას მოემსახურებოდა. არჩევნების მეორე დღესვე ჩვენ დავიწყებთ ძალიან სერიოზულ რეფორმებს. მე მიხარია რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან ამ პროგრამას, რასაც ჰქვია ჩვენი ეკონომიკური გეგმა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0