17/09/2024
15:29
მსოფლიო
Microsoft-ის თანადამფუძნებლის ბილ გეითსის განცხადებით, მსოფლიოში ბავშვთა ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა, კლიმატის ცვლილება კი არსებულ მდგომარეობას უფრო ამწვავებს.
„ამ დროიდან 2050 წლამდე, უკიდურესად არასრულფასოვანი კვებისა და კლიმატის ცვლილების შედეგად, 40 მილიონზე მეტი ბავშვი ზრდაგანუვითარებელი იქნება, ხოლო 28 მილიონი - ატროფიით დაავადდება,“ - ნათქვამია ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მოხსენებაში.
„ცხადია, არასრულფასოვანი კვება ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ უნარებს აფერხებს. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი საკვები, ასევე უფრო დაუცველნი არიან ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელა და მალარია, რაც მათ ნაადრევ სიკვდილს იწვევს. კლიმატის ცვლილების ნეგატიური ეფექტის 90% კვების სისტემაზე მოქმედებს. წლების განმავლობაში, მოსავალს ძირითადად გვალვა ან ჭარბი ნალექიანობა ანადგურებს,“ - განუცხადა ბილ გეითსმა Reuters-ს ონლაინ ინტერვიუში.
ბილ გეითსმა გაეროს ბავშვთა ფონდს მეტი კვებითი პროგრამის დაფინანსებისკენ მოუწოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამავე დროს, ბიუჯეტი არ უნდა შემცირდეს ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის კამპანიისთვის.
”[კვების პრობლემა] არადეტალურად იყო გამოკვლეული. ინიციატივები, რომლებიც ეხება საკვები პროდუქტების ვიტამინიზაციასა და პრენატალურ მულტივიტამინებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას, ბავშვთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც ზოგიერთი ვაქცინა,“ - დასძინა გეითსმა.
ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა იანვარში განაცხადა, რომ 2024 წელს, გლობალური ჯანდაცვის მიზნით, ფონდი 6,8 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფდა.
0
0