15/10/2024
21:39
არჩევნები 2024
უცხო ინტერესების შესაბამისი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კვლავ ომში ექაჩება, რაც საქართველოს 2008 წელს ერთხელ უკვე დაატეხა თავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უცხო ინტერესების შესაბამისად 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ქმედებები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ღალატია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს.
„ათობით ათას დევნილთან, ჩვენი გმირი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებითი ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა ქმედებებმა ქართველ და ოს თუ აფხაზ თანამოძმეებს შორის არსებული, გამთელებისკენ წასული იარა კიდევ უფრო გააღრმავა, შერიგების პროცესი კი დროში უფრო დაგვიანებული და რთული გახადა. ბიზნესის რეკეტის, დემონსტრაციების უმოწყალოდ დარბევის და ქუჩაში ახალგაზრდების უმიზეზოდ დახოცვის, ხალხის ხარჯზე კომფორტის მოწყობის, განსხვავებული აზრის დევნის, ციხეებში პატიმრების წამებისა და კიდევ უამრავი სხვა დანაშაულის მიუხედავად, უცხო ინტერესების შესაბამისად 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ქმედებები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ღალატია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს!“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებად და 4 პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას.
„ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის აღმოფხვრა, გრძელვადიანი სტაბილურობისა და სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების პირობებშია შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობას არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის შეუძლია. დღეს არსებულ ვითარებაში კი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სრული ოპოზიციური სპექტრის მონოპოლიზაციას ახერხებს, არჩევანი ომის, ნგრევისა და ქაოსის მსურველ „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ კი მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გარანტ „ქართულ ოცნებას“ შორის გვაქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, ამ პარტიას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით ავკრძალავთ, პარალელურად კი გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატისთვის სამართლებრივად მოუწევთ პასუხისგება!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024