29/09/2021
16:32
პოლიტიკა
„მინდა, კომენტარი გავაკეთო ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომ “ოპოზიციამ კამპანია გვიან დაიწყო და არ ჩანდა ისეთი აქტიური, როგორიც უნდა ჩანდესო. ჯერ ერთი, მგონია, რომ ეგ ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ რაღაც მოლოდინი არსებობს ჯერ კიდევ საზოგადოებაში – ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ ვიღაცა პრინცს, რომელიც მოვა და ყველაფერს დაალაგებს, გამოასწორებს, გააკეთებს და ა.შ. თუ რამე იცვლება, კოალიციური მთავრობით იცვლება ეგ.
გასაგებია, რომ ამ ქვეყნისთვის პირველი პრეცედენტი იქნება, მაგრამ ეგ აქვს სასწავლი ჯამში, მათ შორის, ამ ქვეყანასა და საზოგადოებას, რომ ეგეთი რამის მოლოდინი ახლა აღარ უნდა ჰქონდეთ. არანაირი თეთრი პრინცი არ იქნება, იქნება კოალიცია, განსხვავებული პარტიები, განსხვავებული ხედვებით და შემდეგ მოხდება ამ ხედვების შეჯერება, მათ შორის, კომპრომისების გზით გარკვეული ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს”, – განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.
0
0