20/09/2021
15:53
პოლიტიკა
დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა – მე არ მომწონს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედაქალაქში განთავსებულ ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.
კახა კალაძემ ბანერებთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მას ბანერებთან კავშირი არ აქვს.
„ჩემსკენ ვერ გამოიშვერენ ხელს, ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ და ამ ადამიანებისგან არაფერი არ მიკვირს და გულწრფელად გულიც არ მწყდება. არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს. დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა – მე არ მომწონს”, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პროექტის – „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – შესახებ არსებული საინფორმაციო ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სპეკულაციები პარტიაში დაიტოვონ.
„არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელო” ეგეთი სულელები არიან. როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა. წარმოადგინონ თუ აქვთ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ვადა გასული არ იყო. ვერავის ვერ გაასულელებენ დღეს და ვერავის ვერ მოატყუებენ. ეს სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთ პარტიაში და გამოიყენონ თავისთვის. გასაგებია?”- განაცხადა კალაძემ.
0
0