23/10/2024
19:53
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში [სრულად]:
მოგესალმებით თბილისელებო, მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლებო, მივესალმები ყველასგან გამორჩეულ ჩვენს დედაქალაქს. მივესალმები ჩვენი რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს.
მინდა მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ. მე მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად აქ, ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით. მაშინ სისხლიან მჩაგვრელ რეჟიმს და მათ უცხოელ მფარველებს უპრეცედენტო ერთიანობა და ძალა ვუჩვენეთ და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი და ყველას დავანახეთ, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად მისი მთავარი შემოქმედის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, სამაგალითო პატრიოტისა და ნამდვილი მებრძოლი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით იქნა მიღწეული. და დღესაც, მისი ლიდერობით იგივე შემართებას ვხედავთ, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.
მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გამოსვლაში გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახები, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა, მოქალაქეებისთვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ქვეყანაში გამეფებული იყო სრული უსამართლობა და სრული უიმედობა. ამ ყველაფერს, მეგობრებო, ემატებოდა მათი ლობისტების და მფარველების მიერ წახალისებული, აღვირახსნილი პროპაგანდა და მათ მიერ შექმნილი სიმულაციური რეალობა, თითქოს მანიაკი სააკაშვილი და სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების სიმბოლო და დემოკრატიის შუქურა იყო, რაც ჩვენი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა იყო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და ღირსება შეულახა, გაასამართლა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გააქრო ოპოზიცია, ყველა მედია საშუალება ერთ ხმაში აალაპარაკა და საზოგადოება სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანა, ჩვენს ხალხში მაშინ უიმედობამ დაისადგურა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა უკვე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ გავიმეორებ, ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო.
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების სიმბოლოდ იქცა, რამაც, სტაბილური განვითარება, კეთილდღეობა, თავისუფლება და რაც მთავარია, უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი - უწყვეტი მშვიდობა მოიტანა და განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. და დღეს, დღესავით ნათელია, იმხელა განსხვავებაა 2012 წლის საქართველოსა და 2024 წლის საქართველოს შორის, როგორც შავი და თეთრი, ისეთი განსხვავებაა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავათავისუფლეთ მედია და ბიზნესი, სამჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და 12 წელში, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თანაც, ამ ყველაფერს, მივაღწიეთ ურთულესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში, მტკიცედ და ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით, მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით და რაც მთავარია, ომის გარეშე - ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების გარეშე, რითაც ჩვენ ღირსეულად შევასრულეთ საპატიო მოვალეობა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, მეგობრებო!
მეგობრებო, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ორი ალტერნატივის წინაშეა: ერთ მხარეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი - „ქართული ოცნება“, ხოლო, მეორე მხარეს - ომის, ღალატისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული, ოთხ პარტიად გაშლილი აგენტურის კოალიცია დგას. კრიმინალ სააკაშვილსა და ძველ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დროს აღარ დავხარჯავ. მეორე პარტია, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის რეჟიმის ჯალათ პროკურორს, მედია-ტერორის ავტორ, კრიმინალ გვარამიას და მეორე კრიმინალს, „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე მელიას. მესამე პატარა პარტია, ამ ორის დანამატია და ის ეკუთვნის სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებულ ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო, მეოთხე პარტია, წინა სამის დანამატია და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას. სწორედ ხაზარაძის და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად, სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს, შენიღბული ფორმით, აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში; ხოლო, აგენტურის კოალიციის მთავარი მიზანი, ჩვენთვის ცნობილია: უცხო ძალების დავალების შესრულება, სანქციებზე მიერთება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს. მათი მიზანია, საქართველოს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევა, რაც ნიშნავს საქართველოს ავღანეთიზაციას, უკრაინიზაციას, ეს ნიშნავს ქვეყნის სრულ დანგრევას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ჩვენი ხალხის განადგურებას. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ!
არჩევანი ძალიან მარტივია - იქნება ომი, ან იქნება მშვიდობა! ვინც ხმას მისცემს აგენტურის კოალიციაში შემავალ ოთხ პარტიას, ის ავტომატურად ხმას მისცემს, სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, მეორე ფრონტის გახსნას, ომის დაწყებას, საკუთარი შვილების ომში გაგზავნას, ხმას მისცემს ქვეყნის დანგრევას, ხოლო, ვინც ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“, ის ხმას მისცემს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, საკუთარი შვილების და ოჯახების კეთილდღეობას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ერთიან საქართველოში!
26 ოქტომბერს, არა უნდა ვუთხრათ აგენტურას, არა უნდა ვუთხრათ მათ მფარველებს, არა უნდა ვუთხრათ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ლგბტ პროპაგანდას, არა უნდა ვუთხრათ უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების თავხედურ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში და არჩევნებში. და ბოლოს და ბოლოს, ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს საქართველოა, ეს ქვეყანა ჩვენია, საქართველო ჩვენია!
საქართველოს გაუმარჯოს!
დაუმარცხებელ ქართველ ხალხს გაუმარჯოს!
26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას გაუმარჯოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0