24/12/2021
13:23
საზოგადოება
"ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიები ცდილობენ კონკრეტული მესიჯების დამკვიდრებას, საზოგადოების აზრში რომ დალექონ ეს ყველაფერი. როგორც კი განცხადება გავაკეთე ამ ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის სატრანსპორტო პოლიტიკაში, მაშინვე დაიწყეს მესიჯის დანერგვა, რომ ტარიფი ძვირდება. არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას ამ ყველაფერს, არ მომერიდებოდა. შეიძლება, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება, მათგან 53% კი სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით, ან უფასოდ მგზავრობს. ეს შეღავათები მეტროსა და ავტობუსზე ვრცელდებოდა, ყვითელი მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება კი 80 თეთრი იყო", - ამბობს კალაძე და განმარტავს, რომ მეტროს, საბაგიროს, ავტობუსისა და ყვითელი მიკროავტობუსების ინტეგრირება გააკეთეს და "ამ 53%-ს მოუწევს უფასო მგზავრობა მიკროავტობუსებითაც".
დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე იმ 47%-ზეც ისაუბრა, რომლებსაც შეღავათიანი, ან უფასო ტარიფი არ ეხებათ:
"ამ 47%-ს რომ შევხედოთ, თბილისში საშუალო მობილობის კოეფიციენტი არის 3, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის 2.5, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, გარდა სახლი-სამსახურისა, თვეში 7-ჯერ მიდიან ან მეგობართან, ან ნათესავთან, ბაზარში, მაღაზიაში... ამაზე კვლევებია ჩატარებული. შესაბამისად, უხეშად ვამბობ, 3-თვიანი ბარათი რომ ავიღოთ, ტარიფს თუ შევადარებთ, ნიშნავს, რომ 50-თეთრიანი ტარიფის პირობებში, დაახლოებით, 114 ლარი ეხარჯებოდათ ამ ადამიანებს. დღევანდელი ამ აბონემენტებით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, 3 თვეზე რომ ვნახოთ, 114 ლარის ნაცვლად, გადაიხდის 100 ლარს. 6 თვის პირობებში, კიდევ უფრო ნაკლებს, 1-წლიანი რომ აიღოს, კიდევ უფრო ნაკლებს". - ამბობს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ზოგიერთისთვის, აბონემენტში 250 ლარის ერთჯერადად გადახდა პრობლემურია, კალაძე ასე პასუხობს:
"აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის - ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო, ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი". - ამბობს კალაძე "იმედის" ეთერში.
0
0