24/07/2024
16:05
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტის, ტედ ჯონასის საქმის განხილვა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა.
სანდრო ბარამიძემ, რომელიც ტედ ჯონასის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ამიტომ უცნობია, რით დაასაბუთა თავისი „ეს უკანონო და უსამართლო“ გადაწყვეტილება.
„ფაქტია, რომ რაიმე ხელშესახები მტკიცებულება საქმეში არ დევს, უფრო მეტიც, ჩვენ პოლიციელები ვამხილეთ აშკარა ტყუილში“, - დაამატა ბარამიძემ.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ტედ ჯონასი გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ტედ ჯონასი ჰყვებოდა, რომ 1 მაისს ღამით აქციაზე დააკავეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც სანდრო ბარამიძემ გვითხრა, ჯონასმა სამართალდამცველების ქმედების გამო პირველივე დღეებში მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„ტედი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იყო და მე ვახლდი მას. მას მერე ჩვენგან გამოითხოვეს მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა, რაც გადავეცით. გარდა ამისა, გადავეცით ფორმა 100 და სხვა სამედიცინო მასალა, რომლებიც ადასტურებენ ტედისადმი მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებას, მაგრამ მას მერე რეაგირება არ ჰქონიათ. სასამართლომ კი არც მოისურვა ამაზე რაიმე განმარტებების მოსმენა, განაცხადა, მე არ მეხებაო“, - თქვა ადვოკატმა.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ხანგრძლივი საპროტესტო დემონსტრაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას.
0
0