15/05/2024
09:42
სამართალი
წინასწარი დაკავების იზოლატორი "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის წინ დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა ორშაბათს დილით აიყვანეს.
გათავისუფლებულთა შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე - ბრაიან ჯეიმს ბინგამი და პატრიკ ჰენდერსენი.
ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან. საუბარია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. გათავისუფლებულთა საკითხს სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის, პატრიკ ჰერნანდესის განცხადებით, დაკავებისას მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად, "უცხოური აგენტების" კანონს ვაპროტესტებდი. პოლიციისა და პარლამენტის კედლებს შორის უცებ დამიჭირეს, როგორც ჩანს, ჯგუფიდან უმიზეზოდ გამომიყვანეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავი 48 საათის განმავლობაში და ახლა გამომიშვეს, მეტი არაფრის თქმა არ მინდა. აქ პოლიცია ძალიან კარგად მექცეოდა, მაგრამ როცა დამიჭირეს ბევრი მირტყეს. საქართველოში ინგლისურს ვასწავლი და ამ მიზნით ვარ ჩამოსული", - განაცხადა პატრიკ ჰერნანდესმა.
ამერიკის შეერთებული შტატების დაკავებული მოქალაქის, ბრაიან ჯეი ბინგემის განცხადებით, ის სიტყვიერი გაფრთხილებისა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააკავეს.
"მე მშვიდობიანად ვაპროტესტებდი და ისინი, მშიშრები, ატარებენ ნიღბებს. მათ მე არ მოვეწონე, რადგან აქ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ვარ და არ მომწონს, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს სურს დასავლური ერი იყოს, სურს იყოს NATO-ს ნაწილი, რადგან რუსეთი არ ვარგა, რუსეთი, პუტინის გარდა, არავის უნდა. აქ ღვინის დასალევად და ქართველ ხალხთან შესახვედრად, სამოგზაუროდ ჩამოვედი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საპროტესტო აქციები იმართებოდა, მაგრამ უნდა მოვსულიყავი და მენახა, რა ხდებოდა. იმიტომ დამაკავეს, რომ აქციაზე წინა ხაზზე ვიყავი, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, დამიჭირეს და პოლიციის ხაზის უკან გამიყვანეს, მცემეს და მიწაზე დამაგდეს, მიზეზი არ ყოფილა, სიტყვიერი გაფრთხილება არ ყოფილა, უბრალოდ დამაკავეს", - განაცხადა ბრაიან ჯეი ბინგემმა.
როგორც ცნობილია, 2 დღის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ დაკავებულებს შორის უცხოეთის მოქალაქეებიც იყვნენ.
0
0