15/12/2021
17:06
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, კანონპროექტის მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენელი სხვა სასულიერო პირები.
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ეკლესიის მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებულ ინიციატივასა და სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობსზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპატრიარქო, მუშაობაში დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო ჩართული და რიგი პუნქტების შემუშავებაში მათ მიიღეს მონაწილეობა.
„ძალიან სასიხარულოა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდასა და ადამიანს, რომლებიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდიან, თამაშობენ, აგებენ და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის. იმედია, ეს კანონპროექტი მიიღებს ეფექტიან ფორმას, რომელიც ამ სფეროს რეალურად დაარეგულირებს. მისი ინიციატორი იყო ფინანსთა სამინისტრო, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე საპატრიარქოში, კონფერენციაზე მოვისმინეთ, რომ ჩვენ მიერ დაწყებული საუბრები ამ თემაზე, პარალელურად, ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა. ჩავერთეთ, თითქმის წელიწად-ნახევარი, ამ მუშა ჯგუფში ჩართული იყო საპატრიარქო და საპატრიარქოს მიერ მოწვეული ჯგუფი: ფსიქოლოგები, სოციოლოგები და 200-მდე დასკვნა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების შევკრიბეთ, ასევე ხელმოწერები შევკრიბეთ და მონაწილეობა მივიღეთ რიგ პუნქტებში, რომლებიც დღეს ამ კანონპროექტში აისახა“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
კანონპროექტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მუშაობის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ამავე კომიტეტში მისი მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგაც მას, ასევე დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენისთვის მოამზადებენ.
0
0