29/12/2024
13:36
ეკონომიკა
ანაკლიის პორტის პროექტი მიმდინარეობს თანმიმდევრულად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი ზედმეტი სიურპრიზების გარეშე დასრულდება.
„ანაკლიის პორტის პროექტი მიმდინარეობს თანმიმდევრულად. არაერთხელ გვქონდა საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ორი პარალელური პროცესი მიდის - ერთი სამშენებლო პროცესი, რომელიც დააჩქარებს პროექტის განვითარებას. აქ ცნობილი ბელგიური კომპანია Jan De Nul-ია ჩვენი კონტრაქტორი, რომელიც ამ სამუშაოებს აწარმოებს. მეორე პროცესი არის კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ასევე საქართველოსვე კანონმდებლობის მიხედვით. პირველ ეტაპზე გვყავდა ოთხი პრეტენდენტი, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი. ორი კვალიფიციური პრეტენდენტი შეირჩა და ბოლო ეტაპზე ჩვენ გვყავს ერთი პრეტენდენტი, რომელმაც წინადადებები დააფიქსირა, თუმცა, წინადადებების მიღების შემდეგ დაიწყო დიალოგის პროცესი კონსორციუმთან და ამ პროცესში უამრავი დეტალია, რომელიც იქნება დასაზუსტებელი.
გარკვეული სიახლეები გვექნება იანვრის ბოლოს და ამაზე საზოგადოებას აუცილებლად მოვახსენებთ. კომპანიამ მოითხოვა ვადების გაგრძელება იმისთვის, რომ დაზუსტდეს დეტალები.
ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად, მე იმედი მაქვს რომ თუ მივიღებთ იმ დაზუსტებებს, რომელიც შესაბამისობაში იქნება საკონკურსო მოთხოვნებთან, ჩვენ შევარჩევთ კერძო პარტნიორს ამ პროცესის მიხედვით.
იმედი გვაქვს, რომ სიურპრიზების გარეშე დასრულდება ეს პროცესი იმიტომ, რომ ყველა წინაპირობა არსებობს ამისთვის”, - განაცხადა დავითაშვილმა.
0
0