30/08/2024
10:36
სპორტი
საქართველომ პარალიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა
საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.
პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.
ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ პარალიმპიადის პრიზიორები, მათ შორის ანა ჯაფარიძე, მედლებით ცნობილმა ჩინელმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა დააჯილდოვა.
ანა ჯაფარიძის მოპოვებული ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეხუთე მედალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი პირველად ერგო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ. 30 სექტემბერს საქართველოს ღირსებას კიდევ ერთი პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე დაიცავს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს კი - 250 000 ლარს გადასცემს.
0
0