19/11/2024
12:55
პოლიტიკა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მოქმედებენ კანონის ფარგლებში, ხოლო მათი შეურაცხყოფისა და კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს.
„ოპოზიცია არ გვყავს ქვეყანაში, სამწუხაროდ. გვყავს რადიკალების და მარგინალების დაჯგუფება, რომლებიც თავისი არსებობით ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. ყოველთვის ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის გაძლიერებას, ეკონომიკურ წინსვლას, თუმცა ჩვენ არ მივცემთ ამ ადამიანებს შესაძლებლობას, ქვეყანა დააზიანონ. რაც შეეხება აქციებს, დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარი არის, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ვნახავთ კანონის გადაცდომას, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.
არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება და საზოგადოებას შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არსებობს კანონი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, მიზანმიმართულად კეტავ გზებს, მაშინ, როდესაც არ გყავს ხალხის საკმარისი რაოდენობა, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება რეაგირება ყოველთვის. არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს, ვინც არ უნდა იყო. რატომ აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას? რატომ აგინებ, რატომ ესვრი რაღაცებს? არ არის ეს სწორი ფორმა მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იყო მისული და მომიტინგეებს მიაწოდა კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. არ არის სწორი პოლიციელის შეურაცხყოფა, გინება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე გამოყო მედიასაშუალებები, რომელთა მიმართ აქციის მონაწილეების მხრიდან შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა.
„რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის განცდა, როდესაც PosTV-ის, „იმედის“, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებენ, ხელს უშლიან მუშაობაში. რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის განცდა, რატომ არ გამოდიხართ და იგივე კითხვას არ მისვამთ? თქვენი კოლეგები ხომ არიან, მოგწონთ ის დამოკიდებულება, რაც ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ აქვთ?
ვინ უშლის ვინმეს აზრის გამოხატვას, არ არსებობს. დადექი, მილიონი ადგილია და გამოხატე შენი მოსაზრება, მაგრამ რადიკალიზმია აქ ჩართული. თავიანთი ქმედებებით უნდათ, რომ დააზიანონ ქვეყანა, გამოიწვიონ ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება და ამის საშუალებას არავის მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რადიკალები განსხვავებულ აზრს შეურაცხყოფით და ბულინგით პასუხობენ, მათ შორის მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს.
„რადიკალური მარგინალური დაჯგუფებისთვის განსხვავებული აზრი არ არსებობს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ დემოკრატია და დემოკრატიულობა, განსხვავებული აზრის მიმღებლობა მნიშვნელოვანია. შეიძლება რაღაცას ვიღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ არსებობს განსხვავებული აზრი. ყველამ ერთნაირად რომ იფიქროს, წარმოუდგენელი მგონია. როგორც კი ხედავენ განსხვავებულ აზრს, შეკითხვას, მაშინვე გადმოდიან შეურაცხყოფაზე, ბულინგზე. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება და ქმედება, რასაც ვხედავთ კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ. ამაზე სიჩუმეა, არავინ საუბრობს. საელჩოები საერთოდ სად არიან ჩამძვრალები და ხმას არ იღებენ, ეს არის სამწუხარო რეალობა.
ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას. ის რადიკალური დაჯგუფება არათუ ემიჯნება, პირდაპირ წამახალისებელია. ამ ადამიანების მხრიდან როდესაც ვისმენთ ძალადობაზე, ეს არის ტყუილი, ფარისევლობა, ეს ადამიანები გაჯერებულები არიან ბოროტებით, სიძულვილით, შეურაცხყოფით, თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება იკადრონ, ყველაფრის მკადრებლები და პირველი მოძალადეები არიან. ამ ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის მტერი არის ეს აგენტურა და მოღალატე რადიკალური დაჯგუფებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024