08/11/2024
12:21
პოლიტიკა
"ამ კანონების უკან დგას ქართული საზოგადოება. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებას და თავის საქმეს და სახელმწიფოს მიხედონ", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირების მოთხოვნას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონების გაუქმებას თაობაზე.
მაკრონი, შოლცი და ტუსკი ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.
გურამ მაჭარაშვილი აქცენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე აკეთებს და ამბობს, რომ ამ კანონებს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რადგან "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 54% აიღო.
"ეს ორივე კანონი საქართველოს პარლამენტმა რომ მიიღო, ამას დაეთანხმა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც მისცა ხმა 54%-იანი მხარდაჭერით "ქართულ ოცნებას". ეს კანონები რომ არ უნდოდეს ქართულ საზოგადოებას, 1 მილიონ 200 ათას ხმას ხომ არ მისცემდა "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხი? ამ კანონების უკან დგას ქართული საზოგადოება. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებას და თავის საქმეს და სახელმწიფოს მიხედონ. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
0
0