06/11/2023
22:10
კონფლიქტები
სამწუხაროდ დღევანდელი პროვოკაცია უკვე მერამდენე მსხვერპლით „დაგვირგვინდა“ და აქ „შემთხვევით დამთხვევებს“ არანაირი ადგილი არ ჰქონია! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავების მცდელობისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილის განცხადებით, აღნიშნული ტრაგედია ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე აიტაცეს და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. მისივე თქმით, ორი ძალა, რომელსაც არ აწყობს ბრიუსელში საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, არის კრემლი და საქართველოში არსებული „მეხუთე კოლონა“.
„მშვიდობიანი მოსახლეობის, სამღვდელოების უკანონო გატაცებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ, ჩვენი რეგიონების, სააკაშვილის რეჟიმის ხელშეწყობით, რუსეთის სამხედრო ჩექმის პროტექტორატად გადაქცევის შემდეგ. ბოლო დღეებშიც გვესმოდა ადმინისტრაციული „საზღვრიდან“ მცირე განგაშის ნიშნები...
თითქოს გადავეჩვიეთ ამ გატაცებების დროს მსხვერპლს, თუმცა 2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მომენტალურად აიტაცეს სათავისოდ ეს მორიგი ტრაგედია ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც ხელისუფლების ასაყირავებლად გამოიყენეს დეპუტატ გავრილოვის „უკანალი“, ხოლო შემდგომ - იმავე დეპუტატთან პირდაპირი ჩართვები. იმავე მიზანს ემსახურებოდა უკვე ქართველი „ნაცების“ უკანალების პერფორმანსი. სამწუხაროდ, დღევანდელი პროვოკაცია უკვე მერამდენე მსხვერპლით „დაგვირგვინდა“ და აქ „შემთხვევით დამთხვევებს“ არანაირი ადგილი არ ჰქონია!
ორად ორი ძალა, ვის ინტერესებშიც არ შედის ბრიუსელში საქართველოს მიმართ სამართლიანობის აღდგენის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღება - კრემლი და მათი „სასარგებლო იდიოტები“ არიან, ჩვენი სამარცხვინო მეხუთე კოლონის სახით. ამ დანაშაულის შემკვეთიც და შემსრულებელიც, წამქეზებელიც და პროვოკატორიც - ყველა არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!” - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024