28/11/2024
17:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილის გუშინდელი ეთერი არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ - როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შაალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ განცხადებას მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.
„შალვა პაპუაშვილის გუშინდელი სრული ეთერი „რუსთავი 2“-ზე არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. მითუმეტეს, ეს გააკეთა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ. როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი. კი, ეს იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ამ ქვეყანაში ის, რაც მან გაბედა. არ დაგვავიწყდეს, დანაშაულთა ერთობლიობა აქვს (ძალადობისკენ მოწოდების საქმეც პროკურატურაში თაროზე დევს).“- წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო „დღეს რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს“.
„ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით, თავისუფალი ვაჭრობის რამდენი ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს? იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? - ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0