17/10/2024
13:42
არჩევნები 2024
ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ არის დაწერილი - თუ საქართველოს გულისხმობდნენ, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმზე იყო საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჰელსინკის კომისიამ, შესაძლოა, ეს შეფასებები თავის ანგარიშში 12 წლის დაგვიანებით გააკეთა.
„ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ არის დაწერილი. მით უფრო, არ არის დაწერილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე. თუ საქართველოს გულისხმობდნენ, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, იმ დროს თითოეული მათგანი დუმდა და ამ შეფასებებს არ იყენებდა. ამიტომ, შეიძლება 12 წლის დაგვიანებით გააკეთეს ეს შეფასებები თავის ანგარიშში, - განაცხადა წილოსანმა.
ამავე თემაზე საუბრისას, წილოსანმა აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ასულდგმულონ ოპოზიციის დღის წესრიგი და წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მაღლა აწიონ პოლიტიკური ტემპერატურა.
„იმ ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლები, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან და მოსაკლავად იმეტებენ, როდესაც საქართველოში პოლიტიკურ წინასაარჩევნო გარემოზე განცხადებებს აკეთებენ, ლოგიკური კითხვა მიჩნდება, მათ შემთხვევაში როგორ ფიქრობენ, როგორ მიმდინარეობს აშშ-ში საარჩევნო პროცესები? ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა და კონცენტრირდნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თითოეული ქვეყნის პოლიტიკა ქვეყნის შიგნით კეთდებოდეს.
სიტყვა „ავტორიტარიზმის“ გამოყენებას სხვადასხვა რეზოლუციაში თავისი დატვირთვა აქვს. წინასაარჩევნოდ განულებულ ოპოზიციას რაიმე სახის დახმარება სჭირდება. ეს დახმარება აუცილებლად უნდა იყოს გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მათთვის შიდა ფაქტორები უკვე აღარ არსებობს. თითოეული ასეთი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ასულდგმულონ ოპოზიციის დღის წესრიგი და წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მაღლა აწიონ პოლიტიკური ტემპერატურა“, - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024