08/09/2024
14:07
კულტურა
ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმის პროცესი დასრულებულია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯვრების დამზადების პროცესს, რომელიც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო მონიტორინგით მიმდინარეობდა, წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები.
პროექტის მიხედვით გაკეთდა მაკეტები, რომელთა საფუძველზეც დამზადდა ყალიბები, რომლებშიც ჩამოისხა თითბრის ჯვრები. ამჟამად მიმდინარეობს მათი დამუშავების პროცესი, შედეგად მივიღებთ ჯვრების საბოლოო სახეს. ჯვრების ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით.
პარალელურად - დასრულდა კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი და ჯვრის დასამაგრებლად შესაბამისი კონსტრუქციის მოწყობა. გრძელდება წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე საპროექტო სამუშაოები.
უახლოეს მომავალში იგეგმება ჯვრის კურთხევა და კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე აღმართვა.
25 ივნისის მომხდარმა სტიქიამ ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი დააზიანა, კერძოდ ძლიერმა სტიქიამ საფარი გადახადა ტაძრის გუმბათს. ასევე, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას დაიმტვრა ლორფინის ქვები და დანარჩენ ადგილებში დაზიანდა კრამიტის სახურავი, ჩაიმსხვრა ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ასევე, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით სააგენტოს მიერ უმოკლეს ვადაში მოეწყო როგორც ტაძარზე (გუმბათის ჩათვლით), ასევე საეპისკოპოსო სახლის მთელ პერიმეტრზე ხარაჩო, რათა სპეციალისტებს შესძლებოდათ სრულფასოვნად მუშაობა, რისთვისაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალის გაგზავნა.
როგორც ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ალავერდში ჩავიდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად და სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
ხოლო 7 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას გაეცნო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
0
0