03/03/2023
23:34
კულტურა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ფონდ „ათინათის“ წარდგენით, მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას – „აკრძალული ხელოვნება“ მასპინძლობს, რომელიც მხატვრის 60-წლიან (XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალი მილენიუმის პირველი წლების ჩათვლით) აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს.
გამოფენის გახსნის მოსამზადებელ პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ექსპოზიცია ხელოვანისათვის ამ მასშტაბის პირველი პერსონალური გამოფენა იქნება. ის აერთიანებს მოქანდაკის აბსტრაქტულ და ფიგურატიულ კომპოზიციებს, საპარკო ქანდაკებებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს.
კარლო გრიგოლია პირველი ქართველია, რომელმაც თანამედროვე ხედვის ტრანსფორმაცია ქანდაკების უძველესი კანონიკის დაბრუნებით შეძლო.
გრიგოლიას შემოქმედება 60 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, იგნორირებული იყო. მისი ნამუშევრები XX საუკუნის იმ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც პერიოდულად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური თუ იდეოლოგიური ზეწოლა არტისტებზე, მაგრამ კარლო გრიგოლიას არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის და თავის შემოქმედებას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა.
კარლო გრიგოლია ნონკონფორმისტ მოქანდაკედ მიიჩნევა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, კარლო გრიგოლია ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშორისო ცენტრის წევრი გახდა და, ამასთანავე, საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციას ჩაუდგა სათავეში.
გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 4 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შეძლებს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024