09/07/2024
15:29
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად ,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც უწყობდა ,,ქურდულ გარჩევებს“ და აიძულებდა ე.წ. ,,ქურდულ საერთოში“ დიდი ოდენობით თანხები შეეტანათ. მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, ერთ-ერთ დაზარალებულს ავტომობილი დაუწვეს, ხოლო კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელეს.
პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო ორ პირს 223’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარუდგინა.
სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ ერთ პირს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ კიდევ 1 პირს სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0