18/01/2024
11:27
კონფლიქტები
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთში შრომისუნარიანი 70 000 მოქალაქე უმუშევარია. ასლან ბჟანიამ ამის შესახებ კერძო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა "აფსადგილ ინფო" ავრცელებს.
"ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. ამის საშუალება არავის, თუნდაც ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს, არ აქვს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილები სოფლებში გაჩნდეს" , - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს "ქვეყნის ბიუჯეტში" მათი წილი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის დახმარება.
"სასიხარულოა, რომ დღეს თქვენი წვლილი ქვეყნის ბიუჯეტში უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის ფედერაციის დახმარება. ამ მაჩვენებლების შენარჩუნების ტენდენცია იზრდება“, - აღნიშნა მან.
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მოქალაქეებს მუშაობა არ სურთ, კვალიფიციური კადრების მოძიება კი ჭირს.
"ადამიანებს არ სურთ, თვეში 45-50 ათასი რუბლის მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ სოფელში უნდა იმუშაონ. მეწარმეებს მუშახელის სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა უწევთ. იძულებულნი ვართ, დავიქირავოთ ადამიანები ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ისინი მთელ ფულს, რასაც შოულობენ, აფხაზეთში არ ხარჯავენ", - აცხადებს ბიზნესმენი, ნიკოლაი აჩბა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 2018 წლის მონაცემებით, 245 246 პირი ცხოვრობს. უცნობია, აქედან რამდენია შრომისუნარიანი და რამდენია დასაქმებული.
0
0