02/03/2023
12:57
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციურმა ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კონსტიტუციის დარღვევასა და ფიცის დარღვევაში ადანაშაულებენ.
საუბარია ბჟანიასა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის შეხვედრაზე. რუსეთის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნოვაკმა ბჟანიას დაავალა, დააჩქაროს საინვესტიციო საქმიანობის შესახებ კანონის მიღება, „ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონმდებლობის მიღება, მოსახლეობის და მრეწველობის გადახდის დისციპლინის გაუმჯობესების პარამეტრების გათვალისწინებით“.
აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტის თანამდებობა შეუთავსებელია უცხო ქვეყნის ოფიციალური პირების მითითებების შესრულებასთან“ და „არავის შეუძლია მითითებების მიცემა სუვერენული სახელმწიფოს მეთაურისთვის“.
„ეს მდგომარეობა ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას და ქმნის ზედმეტ დაძაბულობას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. მედიაში მსგავს შეფასებებზე მყისიერი რეაგირების არარსებობა მიუთითებს რესპუბლიკის მეთაურის მიერ მათი სტატუსის არაადეკვატურ აღქმაზე და ასევე უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური ორგანიზაციები ბჟანიას მიუთითებენ, რომ აფხაზეთი საერთაშორისო პლატფორმებზე უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, კანონის უზენაესობის მქონე სახელმწიფო, „და არა პროვინცია ან ტერიტორია, რომლის მიმართაც შეკვეთების გაცემა შესაძლებელია“.
„არანაკლებად აბსურდს“ უწოდებს ოპოზიცია ბჟანიას ბელორუსში ვიზიტის დროს შექმნილი ვითარებას.
„პროტოკოლის წესების დემონსტრაციული დარღვევა, ასევე მიუღებელი წინადადებები „მინსკი-თბილისი-სოხუმის მიწებების“ შესახებ არამეგობრულად გამოიყურებოდა და მოითხოვდა დაუყოვნებლივ რეაგირებას ჩვენი სახელმწიფოს მეთაურისგან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ბჟანიას მსგავსი ქმედებები არის მისი კონსტიტუციური ვალდებულებების პირდაპირი დარღვევა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „პრეზიდენტის“ მიერ აფხაზეთის მოსახლეობისთვის დადებული ფიცის დარღვევა „პარლამენტის“ რიგგარეშე სესიაზე უნდა განიხილებოდეს.
0
0