19/10/2023
16:44
კონფლიქტები
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ იუწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, აუცილებელია მისი დროული გათავისუფლება, რათა არ მოხდეს მისი ჯანმრთელობის კრიტიკული გაუარესება.
„ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი მძიმე პირობებში იმყოფება პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობა დაკავებამდეც სუსტი იყო და ახლა გაუარესდა. ირაკლი ბებუას ქრონიკული დაავადებები აქვს და გალში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ ახერხებდა საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აფხაზეთის ციხეში მოწმდება, თუმცა შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო გამოკვლევები საკმარისი არ არის. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების თქმით, იმის გამო, რომ სათანადო გამოკვლევა არ ჩატარებულა, სწორი და ადეკვატური მკურნალობა ვერ დაინიშნება. ირაკლი ბებუას მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ამ წუთებში მას აღენიშნება ძლიერი ტკივილი თავისა და ზურგის არეში და იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს გალის რაიონში აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. მას ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო „საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში“, „სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში ხანძრის გზით“ და „ეროვნული დროშის ხელყოფაში“. ბებუას სახლის ჩხრეკისას აფხაზეთის უშიშროებამ ხელყუმბარა აღმოაჩინა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024