05/01/2024
23:38
კონფლიქტები
გთავაზობთ ეპიზოდს "კვირის პალიტრის" 1-ელი იანვრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელშიც რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების მისაკუთრების საკითხია განხილული. ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთის დამოკიდებულება, აფხაზებზე წნეხი აფიქრებინებს - ბიჭვინთის აგარაკი არ იქნება ერთადერთი ობიექტი, რომელიც რუსეთმა მოითხოვა.
- აპარტ-ოტელების საკითხის გააქტიურებას მალე უნდა ველოდოთ?
- აუცილებლად გააქტიურდება. ბიჭვინთა რუსეთისთვის სულაც არ იყო ისეთი მნიშვნელობის, როგორიცაა აპარტ-ოტელების საკითხი. ბიჭვინთა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე და მთავარი იქნება აპარტ-ოტელების საკითხი.
აფხაზები ცდილობენ არ შეიმჩნიონ, მაგრამ უკვე ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსსაც ვერ აკონტროლებენ. რუსები მატერიალური კულტურის ძეგლების საკითხშიც კი არიან ჩარეული. მთელი აფხაზეთი ხომ ამაყობს, რომ ბაგრატ მესამე აფხაზი მეფეა, რადგან ის ლეონის შთამომავალი იყო, ამ დროს კი რუსებმა სწორედ აფხაზი მეფის ფრესკა გადაღებეს.
- შეძლებს კრემლი ბიჭვინთის მსგავსად აპარტ-ოტელების საკითხშიც გაიმარჯვოს და აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის 30 000 აპარტამენტი აშენდეს?
- უფრო დიდი ვნებათაღელვა იქნება. თუმცა აფხაზები ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად ებრძვიან რუსებს, თორემ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ.
აპარტ-ოტელებთან დაკავშირებულია კიდევ ერთი საკითხი. აფხაზებს ჰგონიათ, ამ ამბავში ქართველები არიან ჩართული. ოპოზიციონერი ნატალია სმირი გაუთავებლად იმას ამბობს, რომ გაგრა მოსკოველმა ქართველებმა შეისყიდეს, თანაც გულისხმობს, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას... ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აფხაზები ფიქრობენ, მოსკოვმა თუ ყარაბაღი დათმო, შესაძლოა დათმოს აფხაზეთიც... ეს ყველაფერი, არასერიოზულია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში უფრო გამკაცრდა. როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლეს და მოჰბეზრდათ იმ ხალხის გამოკვება, ვინც მუდმივად ჯიბრში უდგას.
- საინტერესოა, ბიჭვინთის გარდა, სხვა რომელიმე აგარაკზე თუ აქვს თვალი დადგმული კრემლს? მაგალითად, მოსალოდნელია მიუსერაში გორბაჩოვის ყოფილი რეზიდენციაც მოითხოვონ?
- პრაქტიკულად, მიუსერაც რუსეთისაა. უბრალოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ როდესაც აფხაზეთში საპატიო სტუმარი ჩამოდის, რუსული მხარე უფლებას აძლევს ამ აგარაკზე უმასპინძლონ.
0
0