26/08/2024
21:42
კონფლიქტები
„ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება ახდა - იცხოვრონ და განვითარდნენ საკუთარ სახელმწიფოში, რომელიც აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების მიერ მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
ბჟანიას თქმით, მოსახლეობა რუსეთის ხელმძღვანელობის გაბედული გადაწყვეტილების მადლიერია.
„ჩვენი „ქვეყანა“ დღეს ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას. ჩვენი საერთო მტრები დიდ ძალისხმევას მიმართავენ, რათა ჩვენს „ქვეყანაში“ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს. აფხაზი ხალხის ამას არ დაუშვებს და არავის მისცემს თავის მოტყუების უფლებას. აფხაზეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, აფხაზური ეთნოსის გაძლიერება, შენარჩუნება და შემდგომი საერთაშორისო აღიარება შეუძლებელია დიდი რუსეთის მხარდაჭერისა და ნდობის გარეშე“, - აცხადებს ასლან ბჟანია.
ინფორმაციისთვის, 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“ განკარგულებებს ხელი მოაწერა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერებმა ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი, ასევე პირველი და მეორე ე.წ. პრეზიდენტების, ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის, საფლავები.
0
0