31/01/2023
15:16
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დეფატო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი.
„ბოლო დროს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე, იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების, ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი შედგა.
მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად გადაწყვეტენ შემდეგი ტურის გადადებას.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები არის ანგაჟირებული ხასიათის, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის დამატებით საფრთხეებს რეგიონში სტაბილურობისთვის.
2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს გეგმავდა შეხვედრებს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან“ - ნათქვამია არძინბას განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. ქართულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
0
0